logo_geo
eng_logo
მსჯავრდებულს პენიტენციურ სისტემაში საკუთარი შრომით დამზადებული პროდუქციის რეალიზაცია შეეძლება
- +

1 მარტი. 2016. 14:13



მსჯავრდებულს პენიტენციურ სისტემაში საკუთარი ინდივიდუალური შრომით დამზადებული პროდუქციის რეალიზაცია შეეძლება. აღნიშნულს „პატიმრობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.



ცვლილებები კომიტეტს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ თამარ ხულორდავამ წარუდგინა, რომლის ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფ პირს, რომელიც პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვით და კონტროლით ინდივიდუალურ საქმიანობას ეწევა, უფლება ეძლევა რეალიზება გაუკეთოს მის მიერ დამზადებულ პროდუქციას, „ონლაინ მაღაზიების" გამოყენებით. ეს კი, ხულორდავას შეფასებით, პატიმრის რესოციალიზაციას და რეაბილიტაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.



რეალიზაციით მიღებული თანხა პირდაპირ ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება. ამასთან, ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის რეალიზაციის და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის წესს, ასევე ინდივიდუალური საქმიანობების ჩამონათვალს, რომელსაც შეიძლება პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ეწეოდეს, მინისტრი განსაზღვრავს.



პროექტის მიხედვით, მსჯავრდებულისათვის აღნიშნული უფლების შეზღუდვა დისციპლინური სახდელის ერთ-ერთ სახედ განისაზღვრა. ამასთან, აღნიშნული უფლების შეზღუდვა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს არ შეეხებათ.



აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა გუშინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner