logo_geo
eng_logo
მარჯანიშვილის თეატრის გასტროლი რეგიონებში
- +

21 ივნისი. 2016. 14:29


21 ივნისს, კულტურის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია მარჯანიშვილის თეატრის გასტროლის შესახებ საქართველოს რეგიონებში. პრესკონფერენციას უძღვებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი და კომპანია „რედიქსის" წარმომადგენელი ნინო ჩხეიძე.


2016 წელს შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წელი სრულდება; ამ თარიღს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა სხვადასხვა პროექტითა და ინიციატივით აღნიშნავს, გამონაკლისი არც საქართველოა. მარჯანიშვილის თეატრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს დიდ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში შექსპირის პიესას „როგორც გენებოთ" წარმოადგენს; რეჟისორი ლევან წულაძე. ჩვენებებზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია.


პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ზუგდიდის მერიის, ახალციხის მუნიციპალიტეტის, კომპანია „რედიქსის", „ჯორჯიან მანგანეცისა" და ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერით ხორციელდება.


სპექტაკლები გაიმართება:


24 ივნისი -  ზუგდიდი

26 ივნისი - მესტია

28 ივნისი - ოზურგეთი

29 ივნისი - ჭიათურა

30 ივნისი - ქობულეთი

3 ივლისს - ხულო

5 ივლისი - ახალციხე


რეჟისორ ლევან წულაძის სპექტაკლის „როგორც გენებოთ" პრემიერა 2012 წელს ლონდონში გაიმართა. მან უკვე მოასწრო სხვადასხვა ქვეყანაში საგასტროლო ტურნე და მაყურებლის და კრიტიკოსების აღიარებაც მოიპოვა. სპექტაკლს მიღებული აქვს გარდიანის ხუთი ვარსკვლავი და არაერთი ცნობილი კრიტიკოსის მიერ დაწერილი დადებითი რეცენზია. სპექტაკლს მუდმივად ჰყავს მაყურებელი თბილისში, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ, არ აქვთ საშუალება, დაესწრონ ამ წარმოდგენას. მარჯანიშვილის თეატრმა გადაწყვიტა, სპექტაკლით შემოიაროს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო, სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი. მარჯანიშვილის თეატრისთვის ქვეყნის ფარგლებში გასტროლები და ქართველი მაყურებლის აზრი ყველაზე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner