logo_geo
eng_logo
ვალერი ხაბურძანია: ჯეიმს აპატურაი საცემია
- +

16 თებერვალი. 2016. 15:01



„მაშინ ამ მუხლით შეიძლება დაიჭირონ კახი კალაძე, შეუძლიათ, დამიჭირონ მე..."


ამ დღეებში ამერიკის დაზვერვის სამსახურის შეფმა, ჯეიმს კლეპერმა ჩვენს ხელისუფლებას ბნედა დასცა. არა, ამ ადამიანს ისეთი არაფერი უთქვამს, რასაც „ნაციონალები" კარგახანია არ ლაპარაკობენ, მაგრამ, როგორც ჩანს, კლეპერი იმდენად წონიანი ფიგურაა, მისი შენიშვნები ყველა დონეზე შიშით მიიღეს. ერთნი ეგრევე გატყდნენ, ამერიკის დაზვერვის ხელმძღვანელი მართალიაო, მეორენი თავს იკატუნებენ - კაცმა გაგვაფრთხილაო, მესამენი მლიქვნელურად კუდებს აქიცინებენ - გამოგვაფხიზლა, ახლა მხარში ამოგვიდგება და პრევენციულ ზომებს გავატარებთო. რას ამბობს მისტერ კლეპერი, რამაც ასერიგად დააშინა ჩვენი ჩინოვნიკობა? მისი შეფასებით, საქართველოში თურმე ისე იზრდება რუსული პროპაგანდა, შესაძლოა, თბილისმა შეწყვიტოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობა. კიდევ რას ამბობს ამერიკის კონგრესში მიბრძანებული კლეპერი? თურმე საქართველო რეფორმების თვალსაზრისით წინ მიიწევს, პოლიტიკური არასტაბილურობა იზრდება:


„ეკონომიკური გამოწვევები მთავრობისთვის, სავარაუდოდ, მთავარი პოლიტიკური სისუსტე იქნება. საქართველოს ელიტასა და საზოგადოებაში იმედგაცრუება, დასავლეთთან ინტეგრაციის შენელებისა და ეფექტური რუსული პროპაგანდის ზრდასთან ერთად, ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ თბილისმა შესაძლოა, შეანელოს ან შეწყვიტოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობა. რუსეთთან დაძაბულობა კვლავ მაღალი იქნება და, ჩვენი შეფასებით, მოსკოვი უფრო მეტად გააძლიერებს ზეწოლას თბილისზე, რათა უარი თქვას ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოებაზე".


ირაკლი სესიაშვილის თქმით, ჩვენი პარტნიორები ისე არიან შეწუხებულნი, რომ ამერიკის 2017 წლის ბიუჯეტში რუსეთის აგრესიასთან ბრძოლისთვის სხვადასხვა ქვეყნებისთვის გამოყოფილი იქნება, საერთო ჯამში, 3,4 მილიარდი აშშ დოლარი, მათ შორის საქართველოსთვის. ვაშა! აი, სად არის დამარხული ძაღლის თავი, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება 3,4 მილიარდი დოლარიდან 1 მილიარდი მაინც, თუნდაც ნახევარი მილიარდი იყოს, რათა საქართველოში გავაჩაღოთ ანტირუსული პროპაგანდა და კიდევ ერთხელ, თუკი საჭირო იქნება, შევაკვდეთ რუსეთის „ჟანგიან" ტანკებს. რაც მთავარია, ჩვენ ვერ გავიგებთ, რა „ატკატები" გაკეთდება თანხების გადმორიცხვის პროცესში და რა მიმართულებით, ანუ რომელი არასამთავრობოები აითვისებენ მილიონებს რუსეთის ლანძღვაში.


ამ თემაზე უფრო დეტალურად „ალიას" საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია ესაუბრება:

 

- ბატონო ვალერი, რა ხდება, რა ისეთი პროპაგანდა აქვს საქართველოში რუსეთს, რომ მის საწინააღმდეგოდ ამერიკელები ამდენ ფულს ხარჯავენ?


- საერთოდ, რუსეთის პროპაგანდა არის ის, რომ საერთოდ არ აქვს პროპაგანდა. საქართველოში ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა თავად დასავლეთი თავისი პოლიტიკით. რა თანხასაც სესიაშვილი ასახელებს, ეს ძალიან დიდი ფულია, სამზე რომ გავყოთ, მინიმუმ ერთი მილიარდი მაინც შეგვხვდება.

 

- რატომ უნდა გავყოთ მხოლოდ სამზე?


- ამერიკელებს აწუხებთ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. სხვა რესპუბლიკებში და თუნდაც აზერბაიჯანში ან სომხეთში ამ ფულს მაგათ არავინ დაახარჯვინებს. მე საქართველოში რუსული პროპაგანდის ოდნავ ჩანასახსაც კი ვერ ვხედავ, რაც ხდება, ეს არის, უბრალოდ, საზოგადოების რეაქცია დასავლეთის ჩავარდნილ პოლიტიკაზე. აგერ, გამოდის აპატურაი და კვარტალში ერთხელ ბოდიალობს რაღაცას, ამ ადამიანს ნებისმიერი თავმოყვარე ერი ნამდვილად გალახავდა. ძალადობის მომხრე არ ვარ, მაგრამ აპატურაი საცემია! ამერიკა ისეთივე ჩინოვნიკურ-ბიუროკრატიული სახელმწიფოა, როგორც სხვა დიდი სახელმწიფოები, ეს მოხსენება კეთდება იმისთვის, რომ თავიანთი წარუმატებლობა სხვას გადააბრალონ, მეორე - მათ ახლა უნდა გამოძებნონ მტრის ხატი და თავი იმართლონ: აი, იცით, რუსები გვიშლიან ხელს, თურმე ე.წ. „რბილი ძალა" მოდის და ასე შემდეგ. მათ ხალხი დარაზმული ჰყავთ საქართველოში ვითომლიბერალებისა და დემოკრატების სახით, საკმარისია, რაღაც თქვა, ეგრევე მოგდგებიან და ჩაგაქვავებენ, რომ შენ ხარ პუტინის მონა, პუტინის ჩექმების ამლოკავი და ქვეყნის მტერი. მე არასოდეს მითქვამს, რომ ისინი არიან ქვეყნის მტრები და ამერიკელების ჩექმების მლოკავები, ვისაუბროთ, ვილაპარაკოთ, მე თუ მტერი ვარ, რატომ ვარ? შენ თუ მოყვარე ხარ, რა გააკეთე? რა უნდა ამერიკას, ჩვენი მოკავშირეობის შედეგი სად ჩანს? ამ 3 მილიარდ-ნახევრიდან საქართველოს რა თანხასაც გამოუყოფენ, ის ფული რომ ეკონომიკაში ჩაიდოს, მე ტაშს დავუკრავ. მაჩვენონ ერთი წარმატებული ამერიკული პროექტი ჩვენს ქვეყანაში. რაში ხარჯავენ ისინი ფულს? სიტყვათფუჭობაში, ლაყბობაში, ჭორიკნობაში, ქართველი საზოგადოების გაბოროტებაში. ახლა ჩვენი იურისტები ამერიკაში ჩავლენ, ჩვენებური გაგებით „ატკატებს" შესთავაზებენ, ახლა ნურავინ ნუ დამიწყებს ლაპარაკს, რომ იქ „ატკატები" არ არსებობს, ამას ჰქვია ლობიზმი, ასევე ჰქვია სხვა სახელები და მშვენივრად აკეთებენ ფულს. თუ ნახევარი მილიარდი მოგვცეს, აქედან 100 მილიონი „ატკატებში" წავა, დანარჩენი კი დაიხარჯება საქართველოში. დაახლოებით 25 მილიონი წავა „რუსთავი 2"-ში, ამდენი ჯდება ამ ტელეკომპანიის შენახვა წლიურად. შეიძლება ცოტა მეტიც მისცენ, სადღაც 30-40 მილიონი. დაახლოებით 10 ასეთ ორგანიზაციას დააფინანსებენ ამერიკელები საქართველოში... არც ნატოში გვიღებენ, არც ეკონომიკურად გვეხმარებიან, ისინი ცდილობენ, სიტყვით რუსეთი გააღიზიანონ. მე დანამდვილებით გეუბნებით, რაღაც მცირე რუსული ფონდები თუ არსებობს, ეს დახმარებები განისაზღვრება 5-10 ათასი ლარით წელიწადში. თუ ეს რუსული პროპაგანდის გაძლიერებაა და ამის გამო ამერიკელები აპირებენ, მილიარდები დახარჯონ, მაშინ ვერ ჰქონიათ კარგად საქმე. ვერ გავიგე, 1 რუბლი 100 ათასი დოლარი უღირთ?

 

- რატომ გამოდის ამ კუთხით დაზვერვის შეფი, რისი თქმა უნდათ ამით, საქართველო კარგად დავზვერეთ და საქმე ვერაა კარგადო?


- საქართველოში ერთიორი კაცი მეგულება, რომელიც ამერიკის დაზვერვას ჩემზე უკეთესად იცნობს. ეს სტრუქტურაც ისეთივე ბიუროკრატიული ორგანოა, როგორც სხვა მათი ორგანიზაციები - მოლაყბე, ძირითადად ღია წყაროებზე და მოტლიკინე პოლიტიკოსებზე დაყრდნობილი. დაუკვირდით, რა ინფორმაციასაც ამერიკის დაზვერვის შეფი ავრცელებს, განა „ნაციონალების" ნალაპარაკებისგან რამით განსხვავდება? ყველაფერი ემთხვევა ერთიერთზე. რეზიდენტს, რომელიც ზის ამერიკის საელჩოში, ყოველდღიური კონტაქტი აქვს ამ ხალხთან, მათგან იღებს ინფორმაციას. საელჩოსაც აწყობს ამ ტიპის ინფორმაციების მიწოდება, რადგან შესაბამისად იზრდება მათი სუბსიდიები, იზრდება დაფინანსება. რამდენი უფრო მეტად იქნება სურათი მუქი, მით მეტ დაფინანსებას მიიღებენ. ამ თანხებს ვინ განკარგავს? ამერიკის დაზვერვის რეზიდენტი, რომელიც ზის საელჩოში. მე კიდევ მათ გონებრივ შესაძლებლობებზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს, რამდენიმე მათგანს კარგად ვიცნობ პირადად.

 

- ესე იგი, რაც უფრო კატასტროფულად დაიხატება სიტუაცია, მით მეტი დაფინანსება წამოვა ამერიკიდან?


- რა თქმა უნდა, წამოვა და ამით ისარგებლებენ კონკრეტული ჯგუფები.

 

- კი, მაგრამ ამერიკელების ანტირუსულ კამპანიას რა მოჰყვება, ჩვენ არაფერი მოგვივა?


- სამწუხაროდ, ესენი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებიან, უახლოეს ხანში დაიწყება ძალიან დიდი კამპანია ვითომ რაღაც რუსული ძალის წინააღმდეგ არა მხოლოდ იდეოლოგიურად, არამედ რეპრესიული ღონისძიებებიც. ნუ გამოვრიცხავთ, რომ გარკვეულმა ძალებმა მოითხოვონ ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვითაც, აიკრძალება რუსეთის მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმებით.

 

- ამაზე ეს ხელისუფლება წავა?


- რატომ არ წავა? ამის ინიცირებას გააკეთებენ ე.წ. მოოპოზიციო ძალები და არასამთავრობო ორგანიზაციები. შემოიღებენ, რომ დაისაჯოს რუსული პროპაგანდა, მისი მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მხრივ მოძრაობები მალე დაიწყება. როცა ირაკლი სესიაშვილი ამერიკელებს ყველაფერში ეთანხმება და იმას ორიოდე სიტყვითაც კი არ ამბობს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არ მძლავრობს, რა თქმა უნდა, ამაზეც დასთანხმდება. დაშანტაჟებული ხელისუფლება ძალიან იოლად წავა ყველაფერზე დასავლეთთან პოზიორობის გამო. მოკლედ, ჩვენთან დაახლოებით ასეთი სიტუაციაა: უშიშროების მინისტრი ვარ, კონტრდაზვერვაში თათბირს ვატარებ და რუსეთის მიმართულების ხელმძღვანელი მოხსენებას აკეთებს, თურმე რუსეთის საელჩოში გამოავლინეს სპეცსამსახურების 198 თანამშრომელი. ციფრი შთამბეჭდავია და ვიკითხე, სულ რამდენი ადამიანი მუშაობს საელჩოში? 200, - იყო პასუხი. გავბრაზდი, ავჭარხლდი. მომითრიეთ აქ ეგენი-მეთქი. ყველაო? - შემომხედა გაკვირვებულმა. არა, ის დარჩენილი ორი, რუსეთს რომ სამშობლოდ არ თვლის და შეიძლება ღალატობს კიდეც-მეთქი! იმდენად ფორმალიზებული იყო ეს საკითხი, რომ ყველგან აგენტებს ხედავდნენ. მაშინ ავდექი და კონტრდაზვერვა ჩავაბარე ირაკლი ალასანიას. თუ მაშინ რაიმე წარუმატებლობა იყო და რუს „შპიონებს" ვერ ვიჭერდით, ალასანიას სინდისზე იყოს. ალასანია იყო იქ, კონტრდაზვერვაში პირდაპირ ისხდნენ ამერიკელები. მათი თანამშრომლები ყველგან დადიოდნენ. ამერიკელებმა შექმნეს გარე მეთვალყურეობის სამსახური და მეც კი დამყვებოდნენ, ხშირად მამოწმებდნენ. ამ თვალსაზრისით ამერიკელები მივუშვი, მაგრამ შედეგი მაინცდამაინც ვერ დავინახე.

 

- თქვენ ამბობთ, ამერიკელები მეც დამყვებოდნენ და მამოწმებდნენო, გამოდის, ჩვენს მინისტრებს ახლაც დაჰყვებიან?


- ახლა არ ვიცი... კონტრდაზვერვა არის წმინდათაწმინდა სტრუქტურა, ის უნდა მუშაობდეს ამერიკელებზეც და არ უნდა მუშაობდნენ მხოლოდ ამერიკელები. უნდა მუშაობდნენ რუსებზეც, სომხებზეც, თურქებზეც, აზერბაიჯანელებზეც და ასე შემდეგ. ამერიკელები გიჟები ხომ არ არიან, ანგელა მერკელს რომ უსმენენ? იმიტომ უსმენენ, რომ ასეთი წესია, აქ მორიელის პრინციპი მუშაობს, რაც არ უნდა ზურგზე შეისვა, მაინც უნდა უკბინო. სააკაშვილივით სპექტაკლები კი არ უნდა დადგა და ჯაშუშები გამოიგონო. ეს ადამიანი ბევრ რამეში ამერიკელებსაც არ ემორჩილებოდა და საზღვრებს გადადიოდა. ალბათ, გახსოვთ, ერთ-ერთ ფარულ ჩანაწერში იდიოტებსაც კი უწოდებს. ის პრეზიდენტი იყო და საშუალო თუ ქვედა რგოლებს ანგარიშს არ უწევდა, თავისას უბერავდა. თუ ჩვენთან მიიღეს ანტიპროპაგანდისტული კანონი, მაშინ ამ მუხლით შეიძლება დაიჭირონ კახი კალაძე, რადგან ეხმარება და პროპაგანდას უწევს „გაზპრომს". შეუძლიათ, დამიჭირონ მე, რადგან ერთხელ განვაცხადე, პრორუსული პარტია უნდა შევქმნამეთქი. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს, იქნებ მართლაც გაარკვიონ, ვინ არის ამ ქვეყნის მტერი და ვინ - მოყვარე? არ მაქვს იმედი, მაგრამ მაინც.


გელა ზედელაშვილი

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner