„გახდი სიკეთის მონაწილე, გადაარჩინე სიცოცხლე!" -ამ ლოზუნგით, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის ინიციატივით, ახალი საქველმოქმედო პროექტი იწყება, რომლის მიზანი იმ ადამიანების დახმარება იქნება, ვისაც მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება.
პროექტის - „მე, შენ, ჩვენ - ერთად სიცოცხლისათვის" მიზანია ყველაზე მწვავე სოციალური საჭიროებების მქონე ადამიანების თანადგომა.
„ჩვენ უნდა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვინც განსაკუთრებულ თანადგომას საჭიროებენ. ქართველი მუსიკოსები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები მზად არიან, თავიანთი წვლილი შეიტანონ ამ საქმეში და გახდნენ სიკეთის მონაწილენი. კულტურის პალატა იწყებს სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტს ქართველი ხელოვანების მონაწილეობით", - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.
საქველმოქმედო აქციებში საზოგადო მოღვაწეები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ცნობილი ხელოვანები და კერძო კომპანიები ჩაერთვებიან.
„საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია ქვეყანაში არსებული ამა თუ იმ სოციალური პრობლემის გადაწყვეტა. ეს პროექტი სიკეთის გარშემო გააერთიანებს ადამიანებს, ხელს შეუწყობს სამოქალაქო სოლიდარობის, კერძო კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობისა და საზოგადოების სექტორის თანამშრომლობას, რადგან მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარება და ძლიერი, სამოქალაქო საზოგადოების შექმნა", - განაცხადა ოქიტაშვილმა.