“ჯერჯერობით ვეძებთ გარემოებებს, რაც ამა თუ იმ დანაშაულებრივ ქმედებას დაადასტურებს. როგორც კი ეს ქმედება გამოიკვეთება, ვიქნებით ძალიან კატეგორიულები და მომთხოვნები, რათა ვინმე არ დარჩეს პასუხისმგებლობის მიღმა,” - ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გასავლელია აქვთ ერთი ეტაპი, რასაც უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება ჰქვია.
„იმედს ვიტოვებ, რომ დაკავებულთა ის ნაწილი, რომელთაც ბოლოს ჰქონდათ გიორგისთან შემხებლობა, გამოიჩენენ ადამიანობას, თავს დაანებებენ „ძველ ბიჭობას“ და იტყვიან, თუ ფლობენ რამე სახის ინფორმაციას იმის შესახებ, როგორ აღმოჩნდა გიორგი არაგვის ხეობაში“ - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.
27 ივნისს პროკურატურამ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.
26 ივნისს საქმეზე 17 ახალგაზრდა დააკავეს. მათ შორის არიან მცხეთის აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის უშუალო მონაწილეები და ის მორაგბეები, რომლებიც ავტომობილით მოგვიანებით ჩავიდნენ.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.