განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ეხმაურება.
„ნებისმიერ შემთხვევაში, სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველზე, გარკვევა და გამოძიება აუცილებელია. დეტალებში - ვინ და როგორ უნდა დაიკითხოს, - მე არ ვარ კომპეტენტური, თუმცა ვფიქრობ, საფუძვლიანად, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გაირკვეს იმისთვის, რომ არავის მიეცეს საშუალება, ეს ამბავი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით", - აცხადებენ პროკურატურაში.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ ის საკნიდან მაშინდელი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დავალებით გაიყვანეს და სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებზე ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე-5 მუხლის პარაგრაფ 1-თან ერთობლიობაში, იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იქნა პროკურატურის მიერ როგორც შესაძლებლობა, მოეპოვებინა ბერკეტები ამ საქმესთან დაუკავშირებელი გამოძიებისთვის, კერძოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, ასევე საქართველოს ექს-პრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის გამოსაძიებლად.