logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: მერაბიშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით არ უნდა დარჩეს არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი!
- +

21 ივნისი. 2016. 14:44


ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა.


როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების დაწყება მისასალმებელია, რადგან არ უნდა დარჩეს არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი.


რაც შეეხება  - ვინ უნდა დაიკითხოს და ვინ არა , - ეს ალბათ გამოძიების გადასაწყვეტია. მე გამიჭირდება ამაზე საუბარი. თუ რატომ დაიწყეს სტრასბურგის სასამართლოს დასკვნის შემდეგ გამოძიება , ვფიქრობ, ეს არის გადადგმული ნაბიჯი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით", - აცხადებენ პროკურატურაში.


ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ ის საკნიდან მაშინდელი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დავალებით გაიყვანეს და სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებზე ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ.


სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე-5 მუხლის პარაგრაფ 1-თან ერთობლიობაში, იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იქნა პროკურატურის მიერ როგორც შესაძლებლობა, მოეპოვებინა ბერკეტები ამ საქმესთან დაუკავშირებელი გამოძიებისთვის, კერძოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, ასევე საქართველოს ექს-პრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის გამოსაძიებლად.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner