logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: მჯერა, რომ ჩავატარებთ მშვიდობიან, გამჭვირვალე, სამართლიან არჩევნებს
- +

29 ივნისი. 2020. 20:33

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს სადაც აღნიშნავს, რომ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს უკეთესი მომავლის განვითარების ეფექტური გზაა.

 

დღეს ისტორიული დღეა!

ხელი მოვაწერე საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც დღეს საქართველოს დემოკრატიულ გზაზე ახალ ნაბიჯს წარმოადგენს. ამისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტს, პარლამენტის ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ცვლილებას და  პარლამენტის ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა მას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად ყველა უჭერს მხარს ამ ცვლილებებს, რამეთუ ეს, ჩვენი პროგრესის, დემოკრატიისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯია. სერიოზული ნაბიჯია იმ არჩევნებისკენ, რომელიც ოქტომბერში გველოდება.

მე მივიჩნევ ჩემს თავს პასუხისმგებლად კონსტიტუციით და არა მხოლოდ კონსტიტუციით -  მორალურად, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რათა სტაბილურად მივიდეთ არჩევნების დღემდე. ამისთვის გადავდგი თავის დროზე ის რთული, მძიმე ნაბიჯი, რომელსაც შეწყალება ერქვა.

ეს გადაწყვეტილება მე არ მიმიღია იმიტომ, რომ რომელიმე შეთანხმებაში ეწერა რამე, რომელშიც მე არ ვმონაწილეობდი და არ ვთვლიდი, რომ ვიყავი პასუხისმგებელი. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ეს  ქვეყნის სტაბილურობას ემსახურებოდა.

სწორედ დღეს გამყარდა ქვეყნის სტაბილურობა. არ შეიძლება ხაზი არ გავუსვა ამ პროცესში ფასილიტატორი ელჩების როლს და მათ მადლობა არ გადავუხადო, რადგან მათი ეს ნაბიჯი, მათი ჩართვაც ორიენტირებული იყო ამ სტაბილურობის გამყარებისკენ.

ჩვენ ყველამ ერთად ვიცით, რომ გველოდება რთული პერიოდი. ჩვენი წარმატებები ამ პანდემიის დროს, ჩვენი დღევანდელი სტაბილურობა ბევრს შეიძლება არ აწყობდეს და კიდევ ბევრი გამოწვევა იქნება იმ გზაზე, რომელიც არჩევნებამდე მიგვიყვანს. ამ გამოწვევებს ყველა  ერთად გავუმკლავდებით და მჯერა, რომ ჩავატარებთ მშვიდობიან, გამჭვირვალე, სამართლიან არჩევნებს, როგორც დაგეგმილია. ისიც მჯერა, რომ ამაში პანდემიაც ვერ შეგვიშლის ხელს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner