საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა „იურიდიულ პროფესიათა საკონსულტაციო საბჭოს (Becnh-Bar)"-ის ფორმატის ინსტიტუციონალიზაციის საკითხზე გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსე, USAID მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი.
სასამართლოს, პროკურატურისა და ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელებმა, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით „იურიდიულ პროფესიათა საკონსულტაციო საბჭოს“ დაარსებაზე იმსჯელეს.
მხარეები დებულების პროექტზე შეჯერდნენ, რომლის ფართო განხილვა და პრეზენტაციაც უახლოეს მომავალში გაიმართება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საკონსულტაციო საბჭო ხელს უწყობს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემის, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულების და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას, აზრთა თავისუფალ გაცვლა-გამოცვლას, მართლმსაჯულების პრესტიჟის, საზოგადოების ნდობის და მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალთა კომპეტენციის ამაღლებას.
საკონსულტაციო საბჭო მოსამართლეებს, პროკურორებსა და ადვოკატებს, თავისუფალი და ჯანსაღი დისკუსიის ფარგლებში, პროფესიების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობის შესაძლებლობას მისცემს.
აღნიშული მეთოდი აპრობირებულია ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.