საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურება.
მისი შეფასებით, „ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც ქვეყანამ ევროპულ დემოკრატიად ჩამოყალიბების გზაზე გადადგა“. მინისტრი აღნიშნავს, რომ „პარლამენტში დღეს გამართული კენჭისყრა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯიცაა“.
პოსტში დავით ზალკალიანი მადლობას უხდის ფასილიტატორ ელჩებს. მინისტრი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური დიალოგის წარმატებული დასასრული სწორედ ელჩების აქტიური ჩართულობის დამსახურებაა.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა.
კენჭისყრაში „ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპული საქართველო“ არ მონაწილეობდა.