საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გამოეხმაურა პრემიერის გუშინდელ განცხადებას პოლიტიკური ძალების მიმართ და მას ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა უწოდა.
„გასაგებია, რომ წინასაარჩევნო პირობებია და ბევრი მხრიდან იქნება სურვილი, ჩვენი სკოლა და უმაღლესი სასწავლებლები პროცესში ჩაერთონ. ჩვენ ყველანაირად მოვუწოდებთ და ვცდილობთ, რომ ასე არ მოხდეს. პრემიერის ინიციატივას ცალსახად ვეთანხმებით, რადგან გვგონია ქართველებმა უნდა მოვახერხოთ, არჩევნები მიმდინარეობდეს მშვიდად, საერთო ფასეულობებზე დაყრდნობით და არა დისკრედიტაციის ფონზე, მითუმეტეს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რა თქმა უნდა, დაუშვებელია", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
რაც შეეხება პოლიტიზირების მცდელობებს, მინისტრის განმარტებით, ბოლო დროს ერთ სკოლაში ვიდეომასალის ჩვენების და მეორე სკოლაში პოლიტიკური მოღვაწის ჩართვის შემთხვევა იყო. ჯეჯელავას განცხადებით, ეს წინასაარჩევნო პროცესში აბსოლუტურად დაუშვებელი ხერხებია.
„გვინდა, ყველას ვთხოვოთ, სკოლას და ბავშვებს ნუ ჩართავენ ამ პროცესში. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სკოლებთან, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან, რომ არ მოხდეს მათი პოლიტიზირება", - აღნიშნა განათლების მინისტრმა.
რაც შეეხება, ქალაქ რუსთავის მე-2 საჯარო სკოლაში ცოტა ხნის წინ მომხდარ ფაქტს, მინისტრის ინფორმაციით, მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ სკოლაში აჩვენეს ეროვნული საოჯახო კონგრესის კადრები, სადაც გამომსვლელის ფონზე 26 მაისის, 7 ნოემბრის, ასევე 9 აპრილის კადრები იყო.
„ჩვენ ფსიქოლოგებთან ერთად ვმუშაობთ დავადგინოთ ასაკობრივ ჯგუფთან, მე-11 კლასელებისთვის რამდენად დასაშვები იყო მათთვის ამ კადრების ჩვენება და თუ აღმოჩნდა, რომ დასაშვები არ იყო, ამ შემთხვევაში რაღაც ზომებს აუცილებლად მივიღებთ. მე ვფიქრობ, ძალიან ცუდი აზრი იყო, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა სკოლაში ასეთი ვიდეოს ჩვენება. მეორე მხრივ, სამწუხაროდ, მედიაში იმდენ არასწორ რამეს ვაჩვენებთ ბავშვებს, მედიის მოვალეობაც ეს არის - ასახოს რეალობა, შესაბამისად, ამ ბავშვებს ასეთი რამეებიც აქვთ ნანახი და სხვაც. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევეცადოთ, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, რათა ისინი ჯანსაღი ფსიქიკის და ფასეულობების მატარებლები იყვნენ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.