გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მისი ოჯახის ტრაგედია კონკრეტულმა პირებმა პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენეს, რაც დაუშვებელია.
„მიუხედავად ჩემი მძიმე ემოციური მდგომარეობისა, რასაც თან დაერთო გაუსაძლისი რეჟიმიც ჩემი გიორგის საქმიდან გამომდინარე, ვცდილობ, მშვიდად დავაკვირდე საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, ჟურნალისტებს, სამართალდამცავებს, მათ ქცევებს და დამოკიდებულებებს. რატომ ვაკეთებ ამას არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ასე ხდება.
საბოლოო ჯამში, დღეს საღამოს, ჩემი სამსახურიდან მორიგი ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ სწორედ მთავარი არხის ჟურნალისტს ვუთხარი, რომ არ მჯეროდა თუ იარსებებდა საქართველოში თუნდაც ყველაზე ცივსისხლიანი ადამიანი, რომელისთვისაც გიორგის ტრაგედია, როგორც მინიმუმ, "სულერთი" იქნებოდა.
ამთავითვე ვიტყვი, შემიძლია, საჯაროდ დავიფიცო, რომ სიბრალულის გრძნობის გარდა არანაირი განცდა არ მაქვს, ვერაფრით ვერ ვიგებ, რატომ შეიძლება ადამიანი იყოს ასეთი უბედური, არა ისეთი, როგორიც დღეს ჩვენ-გიორგის ოჯახი ვართ ტრაგედიის გამო, არამედ არსით და ბუნებით.
ერთ დროს ჩემო მეგობარო და შემდგომ ჩემს მიერვე გულნატკენო ადამიანო, ორი რამ მინდა გითხრა, როგორც შვილების მამას და როგორც იურისტს:
მე და ბავშვის ოჯახმა გავიგეთ, რომ ჩემზე მეტად გიყვარდა გიორგი, გავიგეთ, რომ ჩემზე მეტად ერთგული ხარ ჩვენივე საკუთარი ოჯახის, გავიგეთ, რომ სისხლის სამართლის ვირტუოზი ბრძანდები, მაგრამ ერთი რამ ვერცერთმა ვერ გავიგეთ-სლუკუნით და ცრემლების ღვარღვარით დაწყებული გადაცემა რატომ უნდა მთავრდებოდეს პოლიტიკური მოწოდებებით.
ისევ გულისტკივილით და შენზე ფიქრით (მენანები გულწრფელად) დამძიმებულმა მინდა ვუთხრა საზოგადოებას რას აკეთებდა მთავარი არხი ეს დღეები, მაშინ როდესაც, როგორც თქვენ ბრძანეთ- მე ბავშვის სულს ვყიდდი და "კონვერტების მიტან-მოტანით თუ საპარლამენტო სიაში მოხვედრით" ვიყავი დაკავებული (თუ როგორც იყო, აღარ მახსოვს). რას აკეთებდა და ჯერ ბავშვის დაღუპვის ამბავი არც კი ვიცოდით (ანუ მეორე დღესვე), ჯერ მდინარის კალაპოტში დაკაწრულები და გამწარებულები დავეხეტებოდით, როდესაც ამ არხის ჟურნალისტების პირველი კითხვა იყო: "ბატონო მირიან, ამბობენ, რომ პოლიცია და მაშველები არაფერს აკეთებენ გიორგის გადასაჩენად. ამბობენ, რომ თქვენ ხართ უკმაყოფილო სახელმწიფო ორგანოების მოქმედებით"(ნუ მიწყენენ, მე მესმის მათიც კი). დიახ, პატივცემულო, ასე იყო. გამორთული კამერებით თავდასხმები მხოლოდ ერთი ფრაზის გამო-რამენაირად ვინმე გაგველანძღა, არც ბავშვი გაინტერესებდათ და არც ოჯახი (ეს ყველა იქ მყოფი ჭირისუფლის მოსაზრებაა, რომელზედაც ყოველდღიურად ძალადობდნენ).
შემდეგში იყო თქვენს არხზე ჩემი პირდაპირი ეთერი, საიდანაც ასევე ვერაფერი გამოვიდა, სადაც ძალიან ადამიანური და კეთილშობილი წამყვანი ვეღარ უძლებდა ვიღაცეების აგრესიულ ბრძანებებეს და ორჯერ მოუწია ყურსასმენის ნერვიულად მოცილება ყურიდან.
გასაგებია ჩემთვის ის ისტერიკა, რაც ბავშვის სიკვიდილის ვერ "გასკანდალება-გაპოლიტიკურებამ" გამოიწვია, მაგრამ მე უბედურებამ ვერ დამაკარგინა საკუთარი სახე და შენ დაკვეთის ვერ შესრულება ნუ წაგშლის, როგორც ცარიელ ადგილს. რომის პაპზე მეტი კათოლიკობა წარმართების საქმეა, შენ თვითონაც ხომ იცი.
მოკლედ, ასეა თუ ისეა, ჩემი პატარა და უცოდველი გიორგი ძალადობამ მოკლა, ზუსტად იმავე ძალადობამ (რა განსხვავებაა ფიზიკურსა და ფსიქოლოგიურს შორის?!), რომლის მსხვერპლიც ახლა მისი ოჯახია.
დაგამძიმებს ასე ცხოვრება, დამიჯერე.....“