92 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი, თეატრმცოდნე, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი ნანა ღვინეფაძე.
ნანა ღვინეფაძეს ეკუთვნის ასობით რეცენზია ქართული თეატრის სპექტაკლებზე, უცხოეთიდან თბილისში საგასტროლოდ ჩმოსულ ცნობილ თეატრალურ დასებზე, ქართულ მწერლობაზე, ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე, მხატვრობასა, თუ კინემატოგრაფზე.
ქართულ პერიოდიკაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ნარკვევები 1974 წელს კრებულად გამოიცა.
ჟურნალისტის პუბლიცისტურ შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ნარკვევების ციკლს 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის დროს, მე-11 არმიის წინააღმდეგ მებრძოლი მოწყალების დის, მარო მაყაშვილის შესახებ.
ეს ნარკვევები გაერთიანდა წიგნში „შარავანდედი“, რომლითაც მან შთამომავლობას მარო მაყაშვილის სახელი სამუდამოდ შემოუნახა.
წიგნისთვის, რომელიც არაერთხელ გამოიცა, ნანა ღვინეფაძეს ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია მიენიჭა.
ნანა ღვინეფაძე ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრემიის „ოქროს ფრთის“ ლაურეატი იყო, დაჯილდოებულია დავით კლდიაშვილის მედლით, ღირსების ორდენითა და სხვა ჯილდოებით.
ნანა ღვინეფაძეს 30 ივნისს ქაშვეთის ტაძრიდან გამოსვენებენ.