გამოვლინდა დექსამეტაზონის ძალიან მაღალი ეფექტურობა, რაც იმედის მომცემია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, კოვიდინფიცირებული პაციენტების დექსამეტაზონით მკურნალობის შესახებ საუბრისას „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„დექსამეტაზონი არის აპრობირებული მედიკამენტი, ქვეყანაში მასზე ხელმისაწვდომობის პრობლემა არანაირად არ არის და ეს მედიკამენტი უკვე მონაწილეობს დაავადების მართვის სქემაში“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ საჭიროა დექსამეტაზონის წარმოების გაზრდა. მისივე თქმით, პრეპარატმა კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობისას თავისი ეფექტურობა აჩვენა.
16 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის პირველი შედეგების თანახმად, დექსამეტაზონმა ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებს შორის სიკვდილიანობა 1/3-ით შეამცირა, ჟანგბადდამოკიდებულებში კი ეს მაჩვენებელი 20%-ს შეადგენს.