„ასავალ-დასავალის“ 4-10 მაისის ნომერში გამოქვეყნებულმა სტატიამ სახელწოდებით: „კორონავირუსმა ტუბერკულოზის საფრთხე არ უნდა დაგვავიწყოს!“ — საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. მართლაც, კორონავირუსის ეპიდემიამ არ უნდა დაგვავიწყოს მთელი რიგი დაავადებები, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. კიდევ რა სახის უხილავი მტერი არსებობს სხვადასხვა მიკრობებისა და ვირუსების სახით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რომელი ინფექციური დაავადებებია ამ სეზონზე ყველაზე აქტუალური და რამდენად გაიზარდა ინფიცირების რისკი თვითიზოლაციის შემდგომ პერიოდში? აღნიშნული საკითხის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ბავშვთა და მოზრდილთა ექიმი-ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი ქეთი ჩიქოვანი გვესაუბრება.
- ქალბატონო ქეთი, კორონავირუსმა საზოგადოებას ბევრი ტრადიციული დაავადება დაავიწყა. წელიწადის ამ დროს ყველაზე მეტად რომელი დაავადებაა აქტუალური?
- წელიწადის ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია ნაწლავური ინფექციები, თუმცა, ჰიგიენური წესების დაცვით მთელი რიგი დაავადებების პრევენცია გახლავთ შესაძლებელი. ახალი კორონავირუსის ეპიდემიამ ნათლად დაგვანახა, რომ გარკვეული შეზღუდვებით ვირუსის გავრცელება შეგვიძლია მკვეთრად შევამციროთ. სერიოზული გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიული და ვირუსული ეტიოლოგის გასტროენტერიტებმა, თუკი დროზე არ მოხდა შესაბამისი ჩარევა. ბავშვთა ინფექციები — წითელა, წითურა, ქუნთრუშა და ჩუტყვავილა მეტ-ნაკლებად ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით გადადის. აქედან გამომდინარე, როცა საუბარია კარანტინის შემდგომ პერიოდში ხალხმრავალ ადგილებში მოსალოდნელ საფრთხეებზე, ბავშვთა ინფექციები არ უნდა დაგვავიწყდეს. განსაკუთრებით მკვეთრად იზრდება ინფიცირების რისკი დიდი რაოდენობით ბავშვების შეკრების დროს სკოლებში, ბაღებში, დაბადების დღეებსა და გასართობ ცენტრებში.
- ეტაპობრივად იხსნება შეზღუდვები და თითქმის სამთვიანი კარანტინის შემდეგ ადამიანები ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან... შესაძლოა, თვითიზოლაციით გამოწვეული დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე ამ სეზონზე მკვეთრად მოიმატოს სხვადასხვა ნაწლავურმა ინფექციებმა?
- არ არის გამორიცხული, რომ ეს მართლაც ასე მოხდეს, მითუმეტეს, ზაფხული ამ მხრივ დატვირთული სეზონია. ტრადიციულად, მრავლად ფიქსირდება ზღვის კურორტებზე ვირუსული გასტროენტერიტები. ზოგადად, ზაფხულის დადგომასთან ერთად მკვეთრად მატულობს ნაწლავური ინფექციები და დიარეა, რაც ნაწლავთა ანთების შედეგია. ნაწლავთა ანთების გამომწვევი შეიძლება იყოს როგორც როტავირუსი ან ნოროვირუსი, ასევე ბაქტერიები: სალმონელა, კლოსტრიდია, შიგელა, კამპილობაქტერი, პათოგენური ნაწლავის ჩხირი.
- როგორია დაინფიცირების მექანიზმი, სიმპტომები და რამდენად შეიძლება დაგვიცვას კორონავირუსის გამო შემოღებულმა შეზღუდვებმა ნაწლავური ინფექციებისაგან?
- როგორც წესი, ინფექციის გადაცემა დაინფიცირებული საკვებით, წყლით, ჭუჭყიანი ხელებითა და დაბინძურებული საგნებით ხდება. მას შემდეგ, რაც გამომწვევი მოხვდება კუჭში, ორგანიზმი საპასუხო რეაქციას იძლევა. ინფიცირებულს ეწყება ღებინება, მუცლის მოვლითი ტკივილები და დიარეა. აღნიშნულ სიმპტომებს ხშირად თან ერთვის სხეულის ტემპერატურის მატება. ნაწლავური ინფექციები განსაკუთრებით ბავშვებში მიმდინარეობს აგრესიულად, შესაბამისად, მისი გამომწვევისგან თავდაცვა უმნიშვნელოვანესია.
- კიდევ რა საფრთხე არსებობს გარემოში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ამ პერიოდში?
- საფრთხე ძალიან ბევრია, თუმცა, გაუმართლებლად მიმაჩნია ბავშვების სახლში გამოკეტვა. მოვუწოდებ მშობლებს, აუცილებლად გაიყვანონ ბავშვი ჰაერსა და მზეზე. D ვიტამინის ნაკლებობა არანაკლებ დიდი საფრთხეა თქვენი შვილების ჯანმრთელობისათვის. უბრალოდ, თუკი გვინდა, რომ თვითიზოლაციის შემდეგ ზაფხულის პერიოდში გვქონდეს რაც შეიძლება ნაკლები ბავშვთა ინფექციების, ვირუსული და ბაქტერიული გასტროენტერიტების შემთხვევები, უკიდურესად მნიშვნელოვანია ზედაპირები ხარისხიანად დამუშავდეს. კერძო დაწესებულებებისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო ჰქონდეთ. დაწესებული შეზღუდვები სამუდამოდ ნამდვილად ვერ გაგრძელდება. ბავშვები ნებისმიერი დაავადების ადვილად მიმღებნი არიან. ეს უკვე აისახა მომართვიანობაზე. სასწრაფოს ექიმების ინფორმაციით, დათბობასთან ერთად გამოძახებებმა ნაწლავური ინფექციების კუთხით საგრძნობლად მოიმატა. ამავდრულად, მკვეთრად გაიზარდა ტკიპის ნაკბენით გამოწვეული ბორელიოზის შემთხვევები. ძალიან დამავალებთ, თუკი თქვენი გაზეთი ამ თემითაც დაინტერესდება.
- როგორი იქნება თქვენი რეკომენდაციები?
- გარდა იმისა, რომ მშობელმა უნდა დაიცვას ჰიგიენის განსაკუთრებული ნორმები, საჭიროა, ყველა მუშა ობიექტი და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდეს. თუკი მოხდება ზედაპირების ხშირი დამუშავება, საკვები პროდუქტების, განსაკუთრებით კი ხილისა და ბოსტნეულის საგულდაგულოდ გარეცხვა და ხელების ჰიგიენის დაცვა, რასაკვირველია, ეს ნაწლავური ინფექციების გავრცელების საუკეთესო პრევენცია იქნება!
ესაუბრა მეგი საჯაია