logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ოპოზიციამ მიიღო პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი, რომელსაც კარგა ხნის მანძილზე ვერ მოიცილებს
- +

30 ივნისი. 2020. 18:20

 

 

„ოპოზიციამ მიიღო ის პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი, რომელსაც, ჩემი აზრით, საკმაოდ კარგა ხნის მანძილზე ვერ მოიცილებს“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა.

 

ანჯაფარიძე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საარჩევნო სისტემის საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებასა და ფასილიტატორი ელჩების განცხადებას გამოეხმაურა.

 

მანვე კომენტარი გერმანიის ელჩის მისამართით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გააკეთა.

 

„როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ელჩების განცხადება არის დიპლომატიის ნიმუში, როცა მათ განაცხადეს, ვწუხვართ, რომ ყველა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაშიო, ეს შეიძლება, ნიშნავდეს ორ რამეს. ისინი შეიძლება, გულისხმობდნენ იმას, თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში „ნაცმოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“; მეორე მხრივ კი შესაძლოა, ისინი გამოთქვამდნენ წუხილს იმაზე, რომ მათ არ შეუქმნეს წინაპირობები, რათა კენჭისყრაში მიეღოთ მონაწილეობა. ორმაგად შეიძლება, წავიკითხოთ ეს განცხადება. დიპლომატია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გიტოვებს ინტერპრეტაციის საშუალებას, არც ერთი მხარისკენ იხრება და არც – მეორისკენ. ეს განცხადებაც გახლავთ დიპლომატიური ხელოვნების ერთერთი პატარა ნიმუში.

 

რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, რომ ყველა მხარემ პატივი სცეს ელჩების როლს ამ პროცესში – ესეც დიპლომატიური მინიშნება იყო ორივე მხარისთვის.

 

პატიმრობაში მყოფმა პიროვნებამ თავისი წერილით ოპოზიციას წინაპირობა შეუქმნა, მიეღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში. მათ ჩემთვის აბსოლუტურად აუხსნელი სიჯიუტე გამოიჩინეს, რომელსაც არავითარი საერთო პრინციპულობასთან არ აქვს და მაინც გადაწყვიტეს, ბოლომდე მდგარიყვნენ თავის პოზიციაზე. მიიღეს ის პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი, რომელსაც, ჩემი აზრით, საკმაოდ კარგა ხნის მანძილზე ვერ მოიცილებენ. ამას დაემატა აბსოლუტურად როყიო განცხადებები, რაც მათმა წარმომადგენლებმა გერმანიის ელჩის მისამართით გააკეთეს.

 

ეს, რა თქმა უნდა, მეტყველებს ჩვენი პოლიტიკური მოთამაშეების დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე და სიტუაციის ირონია ისაა, რომ ეს ხალხი თითქოსდა პრეტენზიას აცხადებს მედასავლეთეობაზე, ამავე დროს, საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, გააკეთონ ის, რაც არ ჯდება დასავლური პოლიტიკური კულტურის ჩარჩოებში, რაც შემაშფოთებელია დასავლური პოლიტიკური წრეებისთვის. ამიტომაც გაკეთდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ასეთი განცხადება. ამას პრევენციული ხასიათიც ჰქონდა, რომ შემდგომში სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც დაემორჩილონ პოლიტიკურ ეტიკეტს“, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner