logo_geo
eng_logo
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების განხილვა დაიწყო
- +

30 ივნისი. 2020. 21:07

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, ირაკლი კობახიძის, ანრი ოხანაშვილის და დავით მათიკაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ პროექტებთან ერთად.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის,ანრი ოხანაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები, ძირითადად, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციებს ეფუძნება.

პროცესი, დაახლოებით, ერთი წელია რაც მიმდინარეობს. ის წარიმართა ყველა დაინტერესებული პირის, პოლიტიკური პარტიის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ფართო ჩართულობით და შედეგად, შემუშავდა მნიშვნელოვანი ცვლილებები“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა. მომხსენებელმა, პირველი მოსმენის რეჟიმში, ცვლილებების ზოგად პრინციპებზე და ძირითად დებულებებზე ისაუბრა.

საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან წარმოდგენილი შემდეგი სახის ცვლილებები:

 

ქვედა დონის (საუბნო) საარჩევნო კომისიებში არაპარტიული ნიშნით წევრთა არჩევა მოხდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის არაპარტიული ნიშნით არჩეულ წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით, რაც უზრუნველყოფს პროცესის მიუკერძოებლად, პარტიული ინტერესებისგან განყენებულად წარმართვას;

 

საუბნო კომისიებთან მიმართებით ფართოვდება ჩანაწერი ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვაზე. კერძოდ, ზუსტდება პირების წრე, რომლებიც ოჯახის წევრთა შორის იგულისხმებიან. აგრეთვე, ემატება აკრძალვა, რომლის მიხედვითაც გამოირიცხება იმ პირის პროფესიული ნიშნით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობა, რომელიც წინა საერთო არჩევნებზე კომისიაში პარტიული ნიშნით იყო განწესებული;

 

მეტი გამჭვირვალობისათვის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება არამხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის (შერჩეულ) წევრთა სია, არამედ სრული სია იმ აპლიკანტებისა, რომლებმაც წარადგინეს განაცხადი შესაბამისი კომისიის წევრობაზე.

 

ცვლილებების მეორე მიმართულებაა მედია-კამპანია და საეთერო დრო, სადაც წარმოდგენილია შემდეგი ცვლილებები:

 

პროექტში უფასო საეთერო დროის მოსაპოვებლად დადგენილი „ბარიერის“ შესახებ გათვალისწინებულია 2 პუნქტი: პირველი პუნქტი გარდამავალ პერიოდზე იქნება ორიენტირებული და დაადგენს, რომ უფასო საეთერო დროს მიიღებენ ის სუბიექტები, რომლებიც ბოლო (2020) საპარლამენტო არჩევნებში გადალახავენ კონსტიტუციით დადგენილ ბარიერს (პარტიებისთვის 1%); ხოლო მეორე პუნქტი - ამოქმედდება 2024-ის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და დაადგენს 3%-იან ბარიერს. 2020- ის საპარლამენტო არჩევნებისთვის იმოქმედებს კანონმდებლობაში ამჟამად მოქმედი პრინციპი (უფასო საეთერო დროს მიიღებს 19 კვალიფიციური პარტია);

 

მაუწყებელი ვალდებული იქნება ცესკოსა და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით, გადასცეს საეთერო დროის ტარიფები, რომელთა გადახედვა (პირველი ტურის ფარგლებში) შესაძლებელი იქნება ერთხელ. მკაფიოდ დგინდება შესაბამისი ვადები („პირველადი“ ტარიფი ძალაში შევა კენჭისყრამდე 50-ე დღიდან; ტარიფის გადასინჯვის შემთხვევაში, ახალი ტარიფი ამოქმედდება კენჭისყრამდე 30-ე დღიდან);

 

წინასაარჩევნო გარემოს გაჯანსაღების მიზნით, დაუშვებელი იქნება ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება. ზუსტდება, რომ ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა სუბიექტის რეკლამირების აკრძალვის შესახებ ჩანაწერში იგულისხმება მხოლოდ პოზიტიური რეკლამა;

 

პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის მიმდინარეობისას დგინდება სუბიექტის სახელწოდების/საარჩევნო ნომრის ვიზუალიზაციის პარამეტრები. კერძოდ, რეკლამის გაშვებისას შესაბამისი სიმბოლოები უნდა ფარავდეს კადრის ფართობის არანაკლებ 10%-ს. რეკლამის დასასრულს, არანაკლებ ბოლო 1 წამის განმავლობაში, მკაფიოდ უნდა იქნას ნაჩვენები სუბიექტის სახელწოდება/საარჩევნო ნომერი;

 

მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის გადახდილ საფასურზე მეტი დროის დათმობა შესაბამისი სუბიექტისათვის, ან უფასო რეკლამის განთავსებისას საარჩევნო სუბიექტისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ დროზე მეტის დათმობა, ჩაითვლება უკანონო შემოწირულობად;

 

2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის 30-ე დღიდან არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისათვის დახარჯული თანხის არანაკლებ 10%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები;

 

რეკლამის განთავსების წესის დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტის დაჯარიმებას მოახდენს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე ცესკო-ს თავმჯდომარე, ხოლო მაუწყებლებს - უშუალოდ კომუნიკაციების კომისია დააჯარიმებს ღია სხდომაზე.

საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით წარმოდგენილი ცვლილებებია:

 

კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე აკრძალული იქნება წინასაარჩევნო რეკლამისა და საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში;

კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელი იქნება სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც დაექვემდებარება ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას;

დაუშვებელი იქნება საარჩევნო უბანში ან უბნიდან 25 მეტრის რადიუსში, პირთა მიერ ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.

ემატება მკაფიო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მესამე მხარისაგან რომელიმე სუბიექტის სასარგებლოდ რეკლამის/ანტირეკლამის განთავსება ჩაითვლება შემოწირულობად, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას გაცხადებული საარჩევნო მიზანი;

 

აკრძალულ შემოწირულობად იქნება მიჩნეული დაუსაბუთებელი შემოსავლით გაკეთებული შემოწირულობაც.

 

აუდიტის სამსახური მონიტორინგის განხორციელებისას გამოიყენებს ელექტრონული დოკუმენტთბრუნვის სისტემას/ელექტრონულ ხელმოწერას;

 

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციის კუთხით გათვალისწინებულ ცვლილებებზეც, კერძოდ:

 

საჯარო სკოლების პედაგოგებზე, აგრეთვე, სსიპ-ებისა (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებების, რელიგიური ორგანიზაციების და ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლებისა) და საჯარო დაწესებულებების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების თანამშრომლებზე გავრცელდება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ის რეგულაციები, რომლებიც ვრცელდება სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებზე (სამუშაო საათებში ვერ ჩაერთვებიან წინასაარჩევნო აგიტაციაში);

 

კოდექსს ემატება ჩანაწერი, რომელიც არჩევნებამდე 2 თვით ადრე სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს შეუზღუდავს განხორციელებული პროექტების შესახებ სარეკლამო ვიდეო რგოლების განთავსებას;

 

რაც შეეხება საარჩევნო დავების განხილვას, ორგანული კანონის პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი რეგულაციები:

 

დგინდება შემჭიდროვებული ვადები ცესკოსთვის და კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენასთან დაკავშირებით (სპეციფიკიდან გამომდინარე 10-დღიანი ან 2-დღიანი ვადები);

სასამართლოს მიერ სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოში ოქმის წარდგენიდან, სამართალდარღვევის ბუნების გათვალისწინებით, 2 დღეს ან 10 დღეს.

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წარმოდგენილია შემდეგი სახის ცვლილებები:

 

კოდექსით მკაფიოდ დგინდება მე-2 ტურის ჩატარების ვადები და გასატარებელი ღონისძიებები, კერძოდ, საპარლამენტო არჩევნების დროს მეორე ტური ტარდება სამი კვირის თავზე;

მაუწყებელს მეორე ტურისთვის ექნება რეკლამების განთავსებისთვის დადგენილი ტარიფის ერთხელ გადასინჯვის შესაძლებლობა;

უფასო საეთერო დრო მეორე ტურში შესაბამისი პროპორციით გადანაწილდება მეორე ტურში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტზე, მიუხედავად იმისა, პირველი ტურში სარგებლობდა თუ არა კონკრეტული სუბიექტი კვალიფიციური სუბიექტის სტატუსით (მათ შორის, დამოუკიდებელი კანდიდატებიც).

გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით შემოთავაზებული შემდეგი სახის ცვლილებები:

 

2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;

2028 წლის 28 ოქტომბერს და მის შემდგომ, 2032 წლამდე, ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ (საარჩევნო სუბიექტმა) ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;

2032 წლამდე საქართველოს პარლამენტის გამოკლებულ წევრს ჩაანაცვლებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი და ა. შ;

2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში პარტიის მიერ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის წარდგენილ სიაში ყოველი მეორე უნდა იყოს განსხვავებული სქესის კანდიდატი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;

საკრებულოს გამოკლებული წევრის შემთხვევაშიც იმოქმედებს პარლამენტში გათვალისწინებული უფლებამონაცვლეობის წესი (გამოკლებულ წევს ჩაანაცვლებს იმავე სქესის კანდიდატი)

ირაკლი კობახიძის განმარტებით, კონცეპტუალურად გენდერული კვოტირება განიხილება, როგორც დროებითი ზომა, აქედან გამომდინარე, კვოტები გაწერილია სამი მოწვევის პარლამენტისთვის.

წარმოდგენილი ცვლილებებით ახალი რეგულაციები დგინდება სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც, კერძოდ:

 

კენჭისყრის დღეს ერთსა და იმავე მედია ორგანიზაციას უფლება ექნება საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლისა, რომელიც იმავდროულად ვერ იქნება საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი/სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი ან სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელი;

მხარდამჭერთა სიების ბლანკების წარმოდგენასთან ერთად, საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილ უნდა იქნეს ამ სიაში შეყვანილ პირთა შესახებ ინფორმაცია ელექტრონული სახითაც, რაც ქმნის ხელმოწერების ავთენტურობის გადამოწმების ეფექტიან მექანიზმს.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საარჩევნო კოდექსში, გუშინ მიღებული კონსტიტუციური კანონის შესაბამისად, ხორციელდება ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს არჩევნების ჩატარებას შერეული სისტემით - პარლამენტში 120 წევრი აირჩევა პროპორციული, ხოლო 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

 

გარდა ამისა, საარჩევნო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა მონაწილეობის დროებითი წესის განსაზღვრა. აღნიშნულის თანახმად, საარჩევნო უბნების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მოხდება შშმ პირთათვის უბნების ადაპტირება (თითოეულ ოლქში არანაკლებ 4-4 უბანი ეტლით მოსარგებლეთათვის).

 

წარმოდგენილი ცვლილებების მიზანი არის, რა თქმა უნდა, უკეთესი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა საქართველოში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს რეგულაციები მოგვცემს საშუალებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კიდევ უფრო უკეთეს გარემოში ჩატარდეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

საარჩევნო კოდექსის გარდა, ცვლილებები, ასევე, შედის ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში.

 

ირაკლი კობახიძის განმარტებით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ძირითადი ცვლილება ეხება პარტიების სახელმწიფო დაფინანსებას.

 

ჩვენ დავადგინეთ ძალიან სამართლიანი და მარტივი ფორმულა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან, კერძოდ: პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისათვის პოლიტიკური პარტია მიიღებს დაფინანსებას 15 ლარის ოდენობით. ეს ნიშნავს იმას, რომ, მაგალითად, თუ რომელიმე პარტია აიღებს დაახლოებით სამ პროცენტს არჩვენებში, რაც უდრის დაახლოებით 50 ათას ხმას, ამ შემთხვევაში, ის დაფინანსების სახით მიიღებს 750 ათას ლარს. ამას შეიძლება დაემატოს გენდერული კვოტის დაცვისთვის დანამატი, რაც არის 30%. შესაბამისად, 1 მილიონი შეიძლება მიიღოს პოლიტიკურმა პარტიამ ხმათა 3 პროცენტის მიღების შემთხვევაში. რაც შეეხება შემდეგ ხმებს, 50 ათასი ნამდვილი ხმის ზევით, თითოეული ხმისთვის პოლიტიკური პარტია მიიღებს 5 ლარს. ანუ დადგენილია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ე.წ. რეგრესული წესი, რომელიც მსხვილ პოლიტიკურ პარტიებთან შედარებით, უპირატესობას ანიჭებს მცირე პარტიებს“, - განაცხადა მომხსენებელმა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების თანახმად:

 

ამომრჩევლის მოსყიდვის ნაწილში მკაცრდება რეგულირების მექანიზმი, რომლის თანახმადაც, ამომრჩევლისთვის 100 ლარამდე თანხის გადაცემაც1 სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას (დაჯარიმებას) გამოიწვევს.

რაც შეეხება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებულ მხარდამჭერთა სიებში შესაბამის ბლანკზე დატანილი მონაცემებისა თუ ინფორმაციის, საკუთარი და ასევე მხარდამჭერი პირის ხელმოწერის გაყალბებას, ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება მხოლოდ ჯარიმა.

საკანონმდებლო პაკეტის წარდგენის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ სხდომის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

 

სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის მოქმედების ვადის გადაწევას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც კომიტეტმა გამარტივებული წესით განიხილა.

 

კანონპროექტის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერს, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერსა და მოტოციკლის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით, ნაცვლად 2020 წლის 1 სექტემბრისა.

 

შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის, ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, დღეის მდგომარეობით, დარჩენილია 531 579 ძველი ნომერი. მისივე თქმით, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მომსახურების სააგენტოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა სერვისების გაცემა და ბუნებრივია, მოქალაქეებმა ვერ მოახერხეს ნომრების შეცვლა.

 

ინიციატორის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის მოქმედების ვადის გადაწევით უზრუნველყოფილი იქნება სააგენტოს მიერ ეფექტიანი მომსახურების გაწევა ერთ სივრცეში მოქალაქეთა მასობრივი თავშეყრის გარეშე.

 

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულს სხდომაზე განხილვას.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, გოგა გულორდავას, გურამ მაჭარაშვილის, სოფიო კილაძის და ისკო დასენის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ნაფიც მსაჯულთა კანდიდატებისთვის უწყების ჩაბარების შესაძლებლობის გაზრდა ითვალისწინებს.

 

კანონპროექტის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა კანდიდატისთვის კითხვარის, უწყების ჩაბარებისა და მასთან ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან ნაფიც მსაჯულთა კანდიდატის პირადი ნომრის დახმარებით ელექტრონული სერვისის მეშვეობით გამოითხოვოს სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მონაცემებში აღრიცხულ სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელ ფიზიკურ პირზე ან/და მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში აღრიცხულ მართვის მოწმობის მფლობელ ფიზიკურ პირზე დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომერი. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner