„საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ეუთო/დირმა 27 რეკომენდაცია მოგვცა და თითქმის ყველა ამ 27-დან უკავშირდება იმ ნორმებს, რომელბიც 2012 წლამდე არის მასში ჩადებული. ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს“, - განაცხადა „ ქართული ოცვნების“- აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული კოდექსში ძალიან ბევრი რამ გაუმჯობესდა, კიდევ ბევრი რამ რჩება კიდევ გასასწორებელი.
„ჩვენ გვაქვს ინიცირებული ფუნდამენტური ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ამ არჩევნებისა და ნებისმიერი მომდევნო არჩევნების ჩატარებას ბევრად უკეთეს საარჩევნო გარემოში. ამაზე არის პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი ინფორმაციით, შედგა პირველი საკომიტეტო განხილვა, სადაც არცერთი არსებითი შენიშვნა არ იყო გამოთქმული.
რაც შეეხება საარჩევნო უბნის ირგვლივ 25 მეტრი რადიუსის შიგნით შეკრებას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული რადიუსის შიგნით კონკრეტულ ლოკაციაზე დგომის აკრძალვა არააღსრულებადი ნორმა იქნება. „საქართველოს მასშტაბით 3700 უბანი იქმნება, ხოლო პატრულის ეკიპაჟი, რომლის მობილიზებაც შესაძლებელია არჩევნების დღეს, არის ჯამში 1000, ხოლო კენჭისყრა 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში მკაცრდება ნორმები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან, ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით.
„ჩვენ გვაქვს მოწოდება და სურვილი, ეს არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად ჯანსაღ და პოზიტიურ გარემოში, ამომრჩეველს აღარ აინტერესებს, ვინ ვის ეჩხუბება. ამომრჩეველს აინტერესებს , რა იქნება ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის პროგრამაა. არცერთი პოლიტიკური პარტია პროგრამებზე და ხედვებზე არ საუბრობს. ჩვენი ამოცანა და დღის წესრიგი იქნება შემდგომი თვეების განმავლობაში, ოქტომბრის ჩათვლით ვესაუბროთ ამომრჩეველს პროგრამაზე. ჩვენი პროგრამა მოიცავს სახელმწიფოებრივი განვითარების ყველა სფეროს, როგორც დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკას, სოციალურ საკითხებს, საგარეო პოლიტიკას, თავდაცვა-უსაფრთხოებას. თითეოულ სფეროში გვექნება წარდგენილი მკაფიო ხედვა საზოგადოების წინაშე და ამომრჩეველმა არჩევანი უნდა გააკეთოს ამ ხედვის შესაბამისად, ისევე, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წარსულის და აწმყოს შესაბამისად“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.