ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ეჰ, გურას, გურას!
სადაც და როცა ავთო გურასაშვილი იყო, იქ და მაშინ ჩემი ფოტოაპარატი ისვენებდა. ამის მიუხედავად მეც არაერთხელ გადამიღია მისთვის ფოტო. აი, ორი მათგანი. პირველი თითქმის ნახევარი საუკუნის წინათ არის გადაღებული ხადის ხეობაში, ჩვენი ერთ-ერთი პირველი ალპინისტური ასვლისას, მეორე კი 1996 წელს ატლანტის ოლიმპიურ სტადიონზე გადავიღე, ოლიმპიადის გახსნის საღამოს. ეს ჩვეულებრივი ფოტოები ამიერიდან გარდასულ დღეთა ნოსტალგიის გარდა დიდ სევდასაც აღძრავს.
2020 წლის ივნისის ბოლო დღეს ავთანდილ გურასაშვილი გარდაიცვალა.
ზუსტად ორი წლის წინათ მე წინასიტყვაობა დავწერე მისი, როგორც აღმოჩნდა, ბოლო წიგნისათვის „შვიდ მწვერვალზე ბედის მაძიებელნი“. თუმცა ის წინასიტყვაობა განვლილი გზის გახსენებასთან ერთად სამომავლო იმედებითა და ოპტიმიზმითაც იყო აღსავსე, დღეს სწორედ იმ ტექსტის გახსენებით მინდა გამოვემშვიდობო ჩემს ძველ მეგობარსა და კოლეგას.
თ ო კ ი
ანუ ავთანდილ გურასაშვილის მეშვიდე მწვერვალი
ასე მგონია, თითქოს ჩემი წიგნის წინასიტყვაობას ვწერდე, იმდენად ახლოსაა ჩემთან ამ წიგნის თემატიკაც, მისი შინაარსიც, მისი ფორმაც და, რაც მთავარია, თავად ავტორიც, რომელსაც ჯერ კიდევ მაშინ ვიცნობდი, სანამ გავიცნობდი.
„ა. გურასაშვილი. ფოტო ავტორისა“. ვინ იცის, რამდენჯერ შემხვედრია ასეთი მინაწერი მეცხრე-მეათეკლასელს ჩემთვის საყვარელ გაზეთ „ლელოში“. ხოლო 1969 წლიდან, როცა ჟურნალისტიკის განყოფილებაზე ჩავირიცხე, ეს „ა. გურასაშვილი“ ჯერ ავთანდილ გურასაშვილად იქცა, მერე – ავთო გურასაშვილად, უფრო მერე – უბრალოდ ავთოდ, ბოლოს კი – სულაც გურასად. თანაკურსელები აღმოვჩნდით, თუმცა ის ჩემზე ორი წლით უფროსი იყო და საღამოს განყოფილებაზე სწავლობდა. ხოლო ორი წელიწადი თინეიჯერობისას დიდი სხვაობაა, თანაც ის უკვე ნამდვილი ჟურნალისტი გახლდათ, ნამდვილ რედაქციაში მუშაობდა, ნამდვილ ტექსტებს თუ ფოტოებს აქვეყნებდა და ნამდვილ ჰონორარსაც აძლევდნენ. ამავე დროს ავთო სერიოზული სპორტსმენი იყო და გასტუდენტებამდე საქართველოს ჩემპიონიც გამხდარიყო ცურვაში, თანაც ორჯერ! მე კი რისი ჩემპიონობა, რისი ნამდვილი რედაქცია და რისი ნამდვილი ჰონორარი, ჯერ ცურვაც არ ვიცოდი წესიერად და ორიოდე სტრიქონი თუ მქონდა გამოქვეყნებული პიონერთა სასახლის გაზეთ „გაზაფხულში“. ამიტომ იყო, რომ უფროსი თანაკურსელის მიმართ რიდითა და მოწიწებით ვიყავი განმსჭვალული, რაც ჩვენს შორის რაღაც დისტანციას ჰქმნიდა.
თუმცა ეს დისტანცია მალევე შემცირდა, მერე კი სულაც განულდა და ეს ჯერ ჩვენი საერთო მეგობრის – ჩემი კლასელისა და გურასას მოცურავე კოლეგის, თემურ ცაგარელის დამსახურება იყო და მერე – მთისა!
მეორე კურსზე ვიყავით, როცა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად უნივერსიტეტის ალპინიადაზე წასვლა გადავწყვიტეთ. ერთმანეთის გარდა იმ უცხო გარემოში თითქმის არავის ვიცნობდით და, რა თქმა უნდა, ერთ კარავში გვეძინა და ერთ თოკში ვიყავით ჩაბმულნი. ჰოდა, ჩვენი მეგობრობაც იქიდან იწყება. მას მერეც არაერთხელ ერთად ვყოფილვართ მთაში, მას მერეც ერთ თოკში ვართ ჩაბმული – ერთად მოვდივართ ალპინიზმშიც, ცხოვრებაშიც და პროფესიაშიც, საერთო გვაქვს ლხინიც და ჭირიც და, როგორც ერთ თოკში ჩაბმულ ალპინისტებს შეჰფერით, ხან ერთი ვართ წინ და ხან მეორე, ხან მე ვკვალავ თოვლს და ხან – ის, ხან მე ვენდობი მის მიერ ჩარჭობილ პალოს და ხან – ის ეჭიდება ჩემს ჩასობილ პალოს, ხან ის ადის მწვერვალზე პირველი და ხან – მე, ხან ის არის მასწავლებელი და მე – მოწაფე, ხან – პირიქით.
ჯერ ის გახდა თანრიგოსანი მთამსვლელი, მერე – მე, ჯერ მე ვიყავი ნეპალსა და ჰიმალაებში, მერე – ის; ჯერ მე შევხვდი ცოცხალ ქალღმერთს, მერე – ის; ჯერ ის იყო „ახკომის“ პასუხისმგებელი მდივანი, მერე მე გავხდი ამავე გაზეთი რედაქტორი; ჯერ მე დავინტერესდი ოლიმპიური თემატიკით, მერე – ის, ჯერ მე ვიყავი ოლიმპიადაზე, მერე – ის; ჯერ მან გამოსცა თავისი პირველი წიგნი, მერე – მე; ჯერ მან დაწერა ჩემს წიგნზე რეცენზია, მერე – მე; ჯერ ის რედაქტორობდა ჟურნალ „ოლიმპიელს“, ახლა მე ვარ ამ ჟურნალის რედაქტორი; ჯერ მე მივულოცე მას ვრცელი და გულთბილი წერილით 65-ე წლისთავი, მერე – მან, კიდევ უფრო ვრცლად და კიდევ უფრო გულთბილად...
ზემოთ მასწავლებელი და მოწაფე შემთხვევით არ მიხსენებია. ავთანდილ გუსასაშვილი ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელია ცურვასა და ფოტოგრაფიაში, მე მისი ერთ-ერთი მასწავლებელი ვარ დიზაინსა თუ ოლიმპიზმში. დღემდე ვსწავლობთ ერთმანეთისგან.
ხომ ამდენი გადაკვეთის წერტილი გვაქვს, ერთად არასოდეს გვიმუშავია! ის რომ „ლელოში“ მუშაობდა მე ჯერ სტუდენტი ვიყავი და მერე – დამწყები ჟურნალისტი; ის რომ „ახკომის“ პასუხისმგებელი მდივანი გახდა, მე საერთოდ გავეცალე ჟურნალისტიკას და მატროსად წავედი საქართველოს საზღვაო სანაოსნოში; ის რომ „შანსში“, „დედამიწასა“ თუ „კაბადონში“ მუშაობდა, მე „სამშობლოს“ ვრედაქტორობდი; ის რომ გაზეთ „ჰორიზონტს“ გამოსცემდა და რედაქტორობდა, მე „ნატვრისთვალსა“ და „ხუთ რგოლს“ ვუშვებდი; ის რომ „24 საათის“ Weekend-ის წამყვანი ავტორი იყო, მე „დილის გაზეთს“ ვეთანამშრომლებოდი; ის რომ გაზეთ „ოლიმპიელს“ რედაქტორობდა, მე „ახალ ქართულ გაზეთს“ ვაკეთებდი...
ერთადერთხელ გვქონდა ერთად მუშაობის შესაძლებლობა და არცერთმა არ ვისურვეთ: როცა „ახკომის“ რედაქტორად დამნიშნეს, ავთანდილ გურასაშვილი ამ გაზეთის პასუხისმგებელი მდივანი იყო და დიდწილად სწორედ ის განსაზღვრავდა გაზეთის სახეს. რედაქციაში ჩემი მისვლა და ავთოს „ლელოში“ გადაბარგება ერთი იყო. ბევრმა ვერ გაიგო ან არასწორად გაიგო ძველი მეგობრების ეს საქციელი, ჩვენ კი თითქმის უსიტყვოდ გავუგეთ ერთმანეთს – იერარქიულ და მოჩვენებით სამსახურებრივ კომფორტს უხინჯო მეგობრობა ვამჯობინეთ. მე მისი რედაქტორი ვერ ვიქნებოდი. ვერც ის იქნებოდა ჩემი ხელქვეითი.
ერთად არასოდეს გვიმუშავია-მეთქი რომ ვამბობ, თანამშრომლობას როდი ვგულისხმობ: არაერთხელ გვითანამშრომლია და საკმაოდ წარმატებითაც. ერთი-ორჯერ თანაავტორებიც კი ვყოფილვართ. მრავალი წლის წინათ, როცა ახკომის პასუხისმგებელი მდივანი იყო, სწორედ ის ამზადებდა დასაბეჭდად შორეული ნაოსნობიდან გამოგზავნილ ჩემს რეპორტაჟებს, დღეს კი, როცა მე მისივე თანხმობით მისი ადგილი დავიკავე „ოლიმპიელში“, ავთანდილ გურასაშვილი ჟურნალის ყველაზე სასურველი ავტორია.
დღემდე თვალს ვადევნებთ ერთმანეთის შემოქმედებას და ხშირად ერთმანეთის ნაწერების პირველი მკითხველებიც ვართ. ალბათ ამიტომ(აც) მთხოვა, დამეწერა ეს წინასიტყვაობა, თუმცა ამავე დროს ძალიან შემზღუდა მოცულობით. თუმცა მოცულობა რა შუაშია! ავტორის თავმდაბლობას რა ვუთხრა, თორემ მის წიგნს არავითარი წინასიტყვაობა არ სჭირდება.
ავთანდილ გურასაშვილი სპორტულ თემატიკაზე შექმნილი ოცაათამდე წიგნის ავტორია! სხვა მის ადგილას ისე მაღლა ასწევდა ცხვირს, ჯომოლუნგმა თუ არა, იალბუზი მაინც ქვემოთ დარჩებოდა!
ჯომოლუნგმასა და იალბუზზეღა გამახსენდა, რომ ეს ყველაფერი ერთი კონკრეტული წიგნის წინასიტყვაობად იწერება. ამიტომ, რა თქმა უნდა, უშუალოდ წიგნზეც უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა. მახსოვს, როგორი ენთუზიაზმი გამოიწვია ალპინისტებში და მთაზე შეყვარებულ ხალხში რიჩარდ ბასის იდეის ხორცშესხმამ – ყველა კონტინენტის უმაღლესი მწვერვალების დაპყრობამ. მაშინდელი მწირი მასალის გამოყენებით პატარა სიუჟეტიც კი მოვამზადე იმნახად პოპულარული სატელევიზიო „გლობუსისათვის“. მას მერეც, როგორც შემეძლო, თვალს ვადევნებდი ამ მშვენიერი ალპინისტური პროექტის სხვა გმირთა თავგადასავალს, მაგრამ ბევრი რამ, რაც ავთანდილ გურასაშვილის ამ წიგნში წერია, დღემდე უცნობი იყო ჩემთვის. არ ვიცი, არის თუ არა სადმე ასე სრულად ეს ამბები შეგროვილი და მოთხრობილი, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ ენაზე მსგავსი გამოცემა პირველია. ეს წიგნი წარმატებით აგრძელებს ავთანდილ გურასაშვილის ალპინისტური წიგნების შთამბეჭდავ სერიას, რომელიც ოლიმპიური წიგნების მეორე, კიდევ უფრო წიგნმრავალ სერიასთან ერთად თანამედროვე ქართული სპორტული ჟურნალისტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად მიმაჩნია. თუ არ მეშლება, ეს ალპინისტურ თემაზე დაწერილი ავთოს მეშვიდე წიგნია, მისი, როგორც მთამსვლელი ჟურნალისტის, მეშვიდე მწვერვალი! ავთანდილ გურასაშვილის წიგნების შინაარსისა და ფორმის დახვეწილობა კიდევ ცალკეა ხაზგასასმელი.
ავთოს ნაწერების უმეტესობა ბევრი სხვა სპორტული ჟურნალისტის ნაწერებისგან განსხვავებით დროს უძლებს და მრავალი წლის მერეც ისეთივე საინტერესო საკითხავია, როგორც პირველი გამოქვეყნებისას იყო. მოუთმენლად ველოდები მისი ნაწერების შედარებით სრულ გამოცემას, თუნდაც რამდენიმე ტომად, რომ მოცულობაშეუზღუდავად დავწერო მისთვის წინასიტყვაობა. და თუ იმ გამოცემისათვის მან წინასიტყვაობის დაწერა სხვას სთხოვა, რა თქმა უნდა, მეწყინება, მაგრამ, როგორც ნამდვილ მეგობარს შეშვენის, არ შევიმჩნევ, ან სულაც პირდაპირ ვუსაყვედურებ ავთოს, როგორც კიდევ უფრო ნამდვილ მეგობარს შეჰფერის.
ისიც, ვიცი, რას მიპასუხებს, როცა ვეტყვი, რატომ მე არ მთხოვე წინასიტყვაობის დაწერა-მეთქი.
ის თავის ვირტუალურად და ხანდახან რეალურად აწკეპილ ულვაშებში ჩაიცინებს, მერე მხრებს აიჩეჩავს და აბამერავიციო, იტყვის!
ხოლო მე ვიცი! ვიცი, რომ საყვედურამდე საქმე არ მივა.
ასე რომ, მკითხველს ვთხოვ, ეს მცირე ტექსტი იმ ნამდვილი წინასიტყვაობის წინასიტყვაობად ჩათვალოს.
ხოლო ის თოკი... თოკი ჯერ კიდევ გვიძლებს. ერთსაც და მეორესაც.
პაატა ნაცვლიშვილი
16 ივლისი, 2018.“