დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს, სამინისტროსგან ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 7 000 აშშ დოლარი. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
2012 წლიდან დღემდე, თაღლითობის ფაქტზე სამინისტროს 2 თანამშრომელია დაკავებული, ხოლო ფინანსური მაქინაციების ბრალდებით 4 თანამშრომელი, რომელთა საქმეები გადაგზავნილია პროკურატურაში და მიმდინარეობს ძიება.
„ყველა ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა სამართალდამცავ სტრუქტურებთან, გარდა უკანასკნელი შემთხვევისა. აღნიშნული ფაქტი, სამინისტროსთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა.
აქვე, კიდევ მივმართავთ დევნილ მოსახლეობასა და საზოგადოებას - არ დაუჯეროთ მსგავს შემოთავაზებას. ბინების განაწილდება ხდება კომისიურად, ღიად და გამჭვირვალედ. ყოველი ასეთი ფაქტი გამოაშკარავებული იქნება.
მოვუწოდებთ დევნილებს, რომ მსგავსი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცავ სტრუქტურებს ან სამინისტროს ანონიმურობა დაცული იქნება", - წერია დევნილთა და განსახლების სამინისტროს განცხადებაში.