საფრანგეთი საკუთარ საზღვრებს ევროკავშირის მიერ რეკომენდირებული ქვეყნების მოქალაქეებს გაუხსნის. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, ჟან-ბაპტისტ ლემოიენმა განაცხადა.
„დღეიდან გარე საზღვრებს ვხსნით მოგზაურებისა და ტურისტებისთვის მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც ევროკავშირის საბჭოს სიაში მოხვდნენ. ტურიზმის სფეროს პროფესიონალები მზად არიან ისინი მიიღონ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საფრანგეთში“, - განაცხადა ჟან-ბაპტისტ ლემოიენმა.
ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაასახელა უსაფრთხო ქვეყნების სია და რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, პირველი ივლისიდან ამ ქვეყნების მოქალაქეებს შესვლის ნებართვა მისცენ. 14 უსაფრთხო ქვეყანას შორის საქართველოც მოხვდა.