თბილისის არქიტექტურის სამსსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
„თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი კვლავ განაგრძობს ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ კამპანიას თბილისის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებისა და სამსახურის უფროსის მიმართ. ამჯერად მისი უსაფუძვლო ბრალდებები უკავშირდება საბურთალოს ქ. N63-ისა და ს. ცინცაძის ქ. N63-ის მიმდებარედ გაცემულ მშენებლობის ნებართვას.
როგორც ჩანს, ბატონ ელისაშვილს, მისთვის ჩვეულ სტილში, უაპელაციო განცხადებებით სურს, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა, რომელიც არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელთა შეურაცხყოფისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო შესაძლოა დაეკისროს. როგორც მოგეხსენებათ, მისი ცილისმწამებლური განცხადების საპასუხოდ მზადდება სარჩელი, რომელიც სასამართლოს უახლოეს ხანში წარედგინება.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ხსენებული მშენებლობის ნებართვის კანონიერების დასადგენად განცხადება შეიტანა თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურში. ამჯერად უკვე ეს ორგანო დაადგენს აღნიშნული ნებართვის გაცემის კანონიერებას და ბატონი ელისაშვილის განცხადებების სიყალბეს.
თბილისის არქიტექტურის სამსახური, საბურთალოს ქუჩა 63-ის მიმდებარედ გაცემულ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს ხანში მიაწვდის", - ნათქვამია განცხადებაში.