ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადება და ჩარევა საარჩევნო პროცესში არის ჩვენი კანონმდებლობის დარღვევა - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
დავით ზალკალიანის თქმით, საქართველომ ძალიან მკაფიო და დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა მაშინ, როდესაც უკრაინამ არ გაითვალისწინა მოთხოვნა და და თბილისმა კონსულტაციებისთვის ელჩი გამოიწვია. როგორც მინისტრი ამბობს, ეს კონსულტაციები ჯერ არ დასრულებულა.
„რა თქმა უნდა ჩვენ ვიქნებით ადეკვატურები იმ სიტუაციის მიმართ, რა სიტუაციაც განვითარდება თუნდაც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. როგორც ვხედავთ, ის არაფერს არ ერიდება საჯარო გამოსვლებში. მოუწოდებს, რომ გამოვიდნენ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, მოუწოდებს დაუმორჩილებლობისკენ. ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან არ მინდა, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობები შევიდეს ჩიხში და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ამ ადამიანის გამო უკრაინა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ჩიხში შევიდეს“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.