ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. დეივიდ კლარკმა თანამდებობა კარანტინის წესების დარღვევის გამო დატოვა.
ახალი ზელანდიის ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადი რამდენიმე კვირის წინ გააკეთა, თუმცა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა კლარკის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლა ქვეყანაში COVID-19-ის გამო შექმნილ კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებდა.
CNN-ის ინფორმაციით, დღეს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა სამსახურიდან წასვლის თაობაზე განაცხადი ხელმეორედ გააკეთა, რაც პრემიერ-მინისტრმა დააკმაყოფილა.
დღეისათვის ახალ ზელანდიაში COVID-19-ის 22 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი პაციენტი იმყოფება. ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ინფიცირების სულ 1 528 შემთხვევა, გარდაცვლილია 22 ადამიანი.