„საქართველოს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი გილაურის განცხადებით, წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 4-პროცენტიანი ზრდა იქნება, ხოლო ეროვნული ბანკი დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის აკუმულირებას შეძლებს.
მისი თქმით, ამის მიზეზი ქვეყანაში ტურიზმისა და ინვესტიციების ზრდაა.
„ლარის კურსი არის და იქნება სტაბილური. დევალვაციამ გამოაჩინა, თუ ვის აქვს რეგიონში ძლიერი და სუსტი ეკონომიკა. გამოჩნდა, რომ საქართველო არის ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, როგორც რეფორმების, ბიზნესთავისუფლების, ისე ინვესტორების მოზიდვის მხრივ. მინდა, ერთი მარტივი ბარომეტრი შეგახსენოთ, ეს არის „საქართველოს ბანკისა" და „თიბისი ბანკის" აქციების ფასი. ეს განაპირობებს ინვესტორის განწყობას საქართველოსადმი. ორ ციფრს მოგიყვანოთ - 2012 წლის შემდეგ ჩვენი ბანკის აქციის ფასი გაორმაგდა, რაც ნიშნავს, რომ ინვესტორები ენდობიან საქართველოს, ხედავენ, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება შეიძლება, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რეგიონში და აქ უფრო მეტი ფულის ჩადება უნდათ. მას შემდეგ, რაც ლარის დევალვაცია მოხდა, საქართველომ გააკეთა მყისიერი მაღლასვლა, რასაც ადასტურებს თუნდაც 30%-ით გაზრდილი აქციის ფასი", - აღნიშნა ირაკლი გილაურმა.
გილაურის განცხადებით, პრემიერი იყო ლონდონსა და ნიუ-იორკში, შეხვდა პორთველურ ინვესტორებს, რომლებიც საქართველოს რეფორმებით არიან აღტაცებული.
„ჩვენი აზრით, საქართველოში უფრო მეტი ინვესტიცია წამოვა. რა თქმა უნდა, კვირიკაშვილი და მისი გუნდი არის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი ჩვენი ეკონომიკის ზრდის 2017-2018 წლებში, ჩვენი პროგნოზი კი არის დაახლოებით 8%-იანი ზრდა ამ პერიოდში. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ლარის კურსიც იქნება მყარი", - განაცხადა ირაკლი გილაურმა.
მისივე თქმით, საბანკო სექტორი საქართველოში ძალიან ძლიერია და ასეთი საბანკო სექტორი ჩვენს რეგიონში არ არსებობს.