logo_geo
eng_logo
ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე ივანიშვილი თბილისის ცენტრალურ პარკს მოაწყობს
- +

2 ივლისი. 2020. 15:51

 

 

 

 

ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი მოეწყობა. ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიძინა ივანიშვილის მეგობარმა, მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ტყემალაძემ განუცხადა, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების პროექტის ავტორიცაა. როგორც ტყემალაძე აცხადებს, თვითონ პროექტში ჩართული არ არის, თუმცა, აქვს ინფორმაცია, რომ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცის განვითარების პროექტზე ჰოლანდიური კომპანია იმუშავებს. დამატებითი დეტალების გასაგებად, თუ რას გეგმავს ივანიშვილი იპოდრომის ტერიტორიაზე, „ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ნიკოლოზ ჩხეტიანსაც დავუკავშირდით, თუმცა, ჩხეტიანმა მედიაჰოლდინგის შეტყობინებებს არ უპასუხა.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში (ოფიციალურად შპს „ინვესტ კაპიტალი“)  არსებული მიტოვებული რეკრეაციული სივრცე ისევ ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ“ 60 მლნ ლარად შეისყიდა.

 

აღნიშნულ საკითხს თავად ფონდიც გამოეხმარა. გავრცელებულ განცხადებაში არ არის საუბარი, კონკრეტულად რას გეგმავს ივანიშვილი იპოდრომის ტერიტორიაზე, თუმცა, აცხადებენ, რომ: „ვერანაირი აჟიოტაჟი და პოლიტიკური სპეკულაციები ვერ შეუშლის ხელს ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მხარდასაჭერად ფონდის მიერ სამომავლოდ დაგეგმილ და მიმდინარე საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას“.

 

გეტყვით იმასაც, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე „კომერსანტი“ აქამდეც წერდა. თემაზე მუშაობის დროს ვნახეთ, რომ მიტოვებული იპოდრომის  ინფრასტრუქტურა ნანგრევებად, რეკრეაციული ზონის ნაწილი კი ნაგავსაყრელად იყო ქცეული. რეკრეაციულ ზონაში, სადაც ხშირად არასრულწლოვნებიც ერთობიან, საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად შეხვდებოდით კუსტარულად დამზადებულ მარიხუანას მოსაწევ ბოთლებს, გამოყენებულ შპრიცებს და ა.შ.

 

ძველ იპოდრომთან დაკავშირებით თემურ ტყემალაძეს გასულ წელსაც ვესაუბრეთ, მაშინ ივანიშვილის მეგობარი აცხადებდა, რომ კონკრეტული დეტალების თქმა არ შეეძლო, თუმცა, დაზუსტებით თქვა, რომ ტერიტორიაზე ცუდი არაფერი გაკეთდებოდა.

 

„იპოდრომთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანი ფიქრობს და მგონი, რაღაცას ამზადებს. ვიცი, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე არსებული გამწვანება დარჩება, ხოლო განადგურებული ნაწილი აღდგება. წინა პერიოდში გასხვისებულმა ტერიტორიამ დაანგრია იპოდრომი, თორემ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში რა ტერიტორიაცაა, ის ამ დრომდე ხელუხლებელია. ამ ადგილზე ხელის ხლება როგორ შეიძლებოდა, ეს არის თბილისის გული. ქალაქის ფილტვები იყო და გულზე ვარ გახეთქილი დღეს არსებული სიტუაციით, ყველგან რაღაცას აშენებენ, ამას ბოლო უნდა მოვუღოთ, ასე არ შეიძლება, რადგან თბილისი არის ხეობა და ამ ზოლის დაცვას ითხოვს. იქ აშენებული ესტაკადის გამო იპოდრომის ტერიტორია გახდა ყველაზე დაბინძურებული ადგილი. ამ ტერიტორიაზე მშენებლობა უნდა შეწყვეტილიყო, მაგრამ დააქუცმაცეს ეს ადგილები და ეს ფრაგმენტაცია არის დამღუპველი ყველასთვის“, - აცხადებდა თემურ ტყემალაძე 2019 წლის ბოლოს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner