„ალიასთან ინტერვიუში“ უშიშროების ყოფილი მინისტრი, კონსტიტუციონალისტი ვალერი ხაბურძანია საქართველოს ექს-პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს.
- გამოქვეყნდა სააკაშვილისა და ადეიშვილის საუბრის ფარული ჩანაწერი, რომელიც დაუდგენელია, ავთენტურია თუ არა. ამ ჩანაწერებზე რას იტყვით?
- იმ ზღვა ჩანაწერებიდან, რომლებიც უკრაინულ გამოცემებში ვრცელდება, გაგიგიათ რამე კარგი და ნორმალური? ან ქართველებს აგინებს სააკაშვილი და ბიძამისი, ან თავიანთ თანამებრძოლებს ნაბი...ვრებს, უტვინოებს და მშიშრებს ეძახიან… მთავარი ისაა, ყველა რომ გაჩუმებულია და არავის აინტერესებს, საიდან ხდება ამ საუბრების ჩაწერა და გავრცელება? ერთმა ექსპერტმა მითხრა, ეგ უკრაინის მოქალაქეა და იმათ არკვიონო. ყველამ იცის ახლა ეგ, რომ უკრაინის სპეცსამსახურების ჩაწერილი და გამოქვეყნებული არ არის. რატომ გამოქვეყნდა მაინცდამაინც ახლა? ვინ აკეთებს ამას, არ აინტერესებთ? ყველა თვლის, რომ ეს ასე უნდა იყოს. ხარ ხელისუფლებაში, გაქვს ამის ტექნიკური საშუალებები, შენ უსმენ და აქვეყნებს, ის მოვა, უსმენს და აქვეყნებს… არავითარი ლეგიტიმაცია ამ საუბრის ჩაწერას არა აქვს… მოითხოვოს სააკაშვილმა, საიდან გავრცელდა ეს ჩანაწერი, უთხრან. უკრაინა ასე მშრალად ვეღარ გავა გვერდზე, ჩაერთო უკვე ამ საქმეში, ესე იგი, მათი მხრიდან რაღაც ჩანს.
- როგორ ხდება მოსმენა? ერთი ადამიანი ზის და ერთ კონკრეტულ ობიექტს უსმენს თუ?
- გააჩნია, რამდენად საინტერესოა. თუ ელოდები, რომ რაღაცა თქვას და მერე მოქმედება მოაყოლოს, ერთი კაცი ზის და უსმენს. თუ არა და, არის ჯგუფები, ოპერატიული თანამშრომლები, ჯერ ხდება ჩაწერა და მერე გაშიფვრა. თუ ერთი ოპერატიული თანამშრომელი არაა მიმაგრებული ადამიანზე და არ იცის მისი ცხოვრების წესი და ა. შ. სატელეფონო საუბრის გაშიფვრა ძალიან ძნელია, ყველა საუბრობს იმ ვარაუდით, რომ მას უსმენენ. ინტონაციასაც მნიშვნელობა აქვს და ბევრ დეტალს. მარტო სატელეფონო საუბრებზე დაყრდნობა არის სისულელე.
- როგორ უნდა გამოვიცნოთ, რომ გვისმენენ? და რამდენად რეალური მასობრივი მოსმენები?
- რამდენად შევძლებთ გამოცნობას, ვერ გეტყვით, ეგ საკმაოდ რთული პროცესია. რაც შეეხება მასობრივ მოსმენას, ედუარდ სნოუდენი, ამერიკის სპეცსამსახურის თანამშრომელი, ამჟამად რუსეთშია და დაწერა წიგნი, სადაც ამბობს, რომ მასობრივი თვალთვალი დღეს პრობლემას არ წარმოადგენს, თუ გაქვთ სახლში ჭკვიანი ტელევიზორი, ტელეფონი, მუზიკბოქსი, კომპიუტერი – დამთავრდა, ნებისმიერ სპეცსამსახურს აქვს საშუალება, თქვენ გაგხადონ მოსმენის და დაკვირვების ობიექტი.