პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახაბერ კუჭავამ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოთქმულ შეფასებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ გასული წლის ბოლოს, საკონსტიტუციო ცვლილებების ვერ მიღებით, ხელისუფლების მისამართით კრიტიკული განცხადებები კეთდებოდა, ბოლო პერიოდში საკმაოდ მკაცრ კრიტიკას რადიკალური ოპოზიციის მიმართ ვისმენთ.
„დაახლოებით 2019 წლის ბოლოს იყო გარკვეული კრიტიკა, და ეს კრიტიკა იყო ბუნებრივი, გამომდინარე იქიდან, რომ ნოემბერში დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდა. ბევრისთვის ეს მიჩნეული იყო, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ იმ პირობის შესრულება, რომელიც თვეებით ადრე დავდეთ. თუმცა, კარგად გვახსოვს შემდეგ განვითარებული მოვლენები - ეს იყო ჯერ 8 მარტის შეთანხმება და შემდგომ ჩვენი მხრიდან გადადგმული ის სწორი ნაბიჯები და მობილიზაცია, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე მიგვიყვანა. სამწუხაროდ ოპოზიციისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში ითხოვდნენ საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებაში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, არც ერთ საკონსტიტუციო ცვლილებაში არ მიუღიათ მონაწილეობა. არ ვგულისხმობ მხოლოდ ივნისის ბოლოს მიღებულ ცვლილებებზე, საუბარია ადრეც განხორციელებულ ცვლილებებზეც, რომელზეც შეეძლოთ მონაწილეობის მიღება და 2020 წელს გვექნებოდ უკვე სრულიად პროპორციული საარჩევნო სისტემა. ამ ყოველივეს კარგად აფასებს საერთაშორისო საზოგადოება და ამ ბოლო დროს ზუსტად რადიკალური ოპოზიციის მიმართ საკმაოდ მკაცრ კრიტიკას ვისმენთ, რაც ბუნებრივია იმ ქმედებებიდან გამომდინარე, რასაც ისინი ბოლო პერიოდში ახორციელებენ“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.