თბილისის მერია გრიგოლ რობაქიძისა და დიმიტრი ყიფიანის ბიუსტების ესკიზების კონკურსს აცხადებს. ასევე, ცხადდება კონკურსი ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალის, ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას ბიუსტების/მემორიალის ესკიზებზე.
საკონკურსო წინადადების თანახმად, გრიგოლ რობაქიძის ბიუსტი მისივე სახელობის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის წინადადების შესარჩევი საკონკურსო პირობები თბილისის მერიის ვებგვერდზეა განთავსებული.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის სტატუსით. საკონკურსო მასალებს შეაფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების (N1-347) საფუძველზე შექმნილი კომისია.
დიმიტრი ყიფიანის ბიუსტი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისივე სახელობის დარბაზში განთავსდება. ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია და საკონკურსო პირობები თბილისის მერიის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
კონკურსის ამოცანა საზოგადოებრივი და პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით, ბიუსტის საუკეთესო ესკიზური ნამუშევრისა და მის განსახორციელებლად ოპტიმალური სახარჯთაღრიცხვო წინადადების გამოვლენაა. მასში მონაწილეობა ამ შემთხვევაშიც, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს შეუძლია.
საკონკურსო წინადადებების მიღება-რეგისტრაცია ყველა შემთხვევაში, ხორციელდება კონკურსის გამოცხადებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში. საკონკურსო კომისია მონაწილეთაგან თითო გამარჯვებულს გამოავლენს.