გენერალი დავით თევზაძე 27 წლის წინ, დაბა ტამიშთან ბრძოლის ველზე დაღუპულ მებრძოლებს იხსენებს.
„სულ რამოდენიმე საათში, დილის 6-ზე, 27 წლის წინ, ოჩამჩირელი არტილერისტების მიერ გასროლილმა ჭუვრმა, კინდღის ბაზაზე მყოფნი, ერთბაშად წამოგვყარა და ასევე ერთბაშად, იქვე, დაგვყო ზაცად ამაღლებულებად და დარჩენილებად... თუმცა მაშინ, არცერთმა არ ვიცოდით ეს....
დღეს 2 ივლისია. ტკივილისა და სიამაყის დღე და დღეს, 27 წლის შემდეგ არ ვიცი რა დარჩა უფრო მეტი: სიამაყე თუ ტკივილი: ერთნაირად მეამაყება და მტკივა, ერთნაირად ბედნიერიც ვარ და დათრგუნულიც...
მაშინ, დილის 6 საათზე, არავინ ვიცოდით რა იქნებოდა ერთ საათში, ორში, დღის ბოლოს. მაშინ, დილით 6 საათზე არავინ ვიცოდით ვის შეუძღვებოდა განგება მარადისობაში, თუმცა ეს არც იყო მთავარი. მთავარი იყო ჩვენი თავმოყვარეობა, მტრის სიძულვილი და მტკიცე გადაწყვეტილება, გვებრძოლა...
როდესაც ღამემ გაგვყარა მებრძოლები, უკვე ვიცოდით, რომ გამარჯვებულები ვიქნებოდით აუცილებლად, თუმცა წინ უამრავი მძიმე დღე, სასტიკი შეტაკება, უამრავი სისხლი და უამრავი ტკივილი იდო. წინ იდო უკვდავი ეპოპეა ანუაარხუს დაცვისა, პატარა ბორცვის, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩვენთვის.
ხშირად, როდესაც მთხოვენ, გაიხსენე რამე, ჩუმად ვარ ... ჩუმად ვარ იმიტომ რომ იმ დღეებიდან, ის რაც ყველაზე ნათლად მახსოვს, ჩემი სისხლია, რომელსაც გამომშრალი მიწა ისრუტავს... არაა მოსაყოლი... ვიცი...
რას განვიცდიდი?
განგება ყველას არ აძლევს შანსს ის ბედნიერება განგაცდევინოს, როდესაც იცი რომ შენი მიწაში ჩასული სისხლი წინაპართა სისხლს ფიზიკურად უერთდება ... მე მომცა ეს შანსი და სანამ გონებას დავკარგავდი, ბედნიერებას განვიცდიდი... საქართველოსთვის მეოცე საუკუნის უდიდესი ბრძოლის თანამონაწილის ბედნიერებას ... როგორ ავხსნა ეს სახვასთან?
ამიტომაც დღეს, 2020 წლის 2 ივლისს, გმირთა მემორიალთან ვინც შევიკრიბებით, ამას ყველაფერს უთქმელად გავიხსენებთ...
მენატრებით ძმებო, დარჩენილნო და წასულნო.
ის ძველი ურთიერთობები მენატრება, სუფთა და გულწრფელი. ახლა დროც შეიცვალა და ბევრი ჩვენგანიც.
მშვიდობისთვის მოუმზადებლები აღმოვჩნდით ჩვენ.. .“- წერს თევზაძე.
1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან, მოწინააღმდეგე მხარემ, რუსეთის სამხედრო ხომალდით, საზღვაო დესანტი გადმოსხა 600 კაცის შემადგენლობით. გამთენიისას, პირველი დარტყმა, ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, აფხაზური ფორმირებები და ჩრდილო-კავკასიელი კონფედერატებიც გააქტიურდნენ. მტერმა, ქართული შენაერთების ნაწილს, ჩრდილოეთიდან -ტყვარჩელის მიმართულებიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი თითქმის ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. მათ შორის იყვნენ დუშეთის ბატალიონის მეომრები.