logo_geo
eng_logo
ვაჟა კაკუშაძე: 5 მიცვალებული და კუთხეებში შეყუჟული შეშინებული, დიდი თვალები არ ამომდის თავიდან!
- +

3 ივლისი. 2020. 02:09

 

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი ვაჟა კაკუშაძე ფეისბუკში პოსტს აქვეყნებს და ძმები თორაძეების ტრაგიკული ისტორიის შესახებ წერს.

 

 

ძალიან დიდი ხანია თავს ვიკავებ, იმიტომ რომ მე განვსხვავდები იმ ტიპებისგან, რომლებიც საკუთარ წარსულს დღევანდელი გაუმჯობესებული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალი ნიღბის დათრევით ფარავენ!

 

რაც ჩემი ნაცხოვრებია, იმას პოლიტიკოსის სტატუსის აფარება ვერასოდეს შეცვლის!

 

ზუსტად ვიცი, ძალიან ბევრი, ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი არ გაამართლებს ჩემს დღევანდელ საქციელს, მაგრამ აი თქვენ მოგმართავთ პირადად ბიჭებო, თქვენ:

 

ის, რაც იყო, აღარ უნდა განმეორდეს! არასოდეს! ამიტომ მომიტევეთ, მაპატიეთ ჩემი ეს საჯარო „ბრალდება“.

 

ყველა ძმას ვიცნობდი თორაძეებში. არცერთთან არ მიძმაკაცია, თუმცა ვიმეორებ__ყველას ვიცნობდი და ურთიერთობა იმედოდან დაწყებული (ყველაზე ავტორიტეტული ოჯახში, მიუხედავად იმისა რომ 11 და_ძმაში, ბოლოდან მესამე იყო და მასზე პატარა მხოლოდ 1 ძმა იყო), ლაშათი დამთავრებული (რომელთანაც ყველაზე მეტად მიწევდა შეხვედრა ხოლმე უნივერსიტეტის 1 კორპუსთან), ყველასთან მქონდა.

 

ეს იყო თბილისური, ნეიტრალური, „ახლობლური“ ურთიერთობა.

 

ბევრი იწერება და ბევრ ვერსიას მოისმენთ იმ ისტორიის შესახებ, რაც მოხდა. მე მხოლოდ იმის მოყოლას ვაპირებ, რამაც სამუდამო დაღი დაასვა ჩემს სიყრმისეულ ფსიქიკას და ეს მოხდა მიუხედავად იმისა, რომ 11 ჩემი ბავშვობის ძმა (და არა ძმაკაცი, არა მეგობარი) საკუთარი ხელით მყავს დასაფლავებული ისე, რომ ნიჩაბი(ლაფატკა) არ გვიხმარია და ყოველ მუჭა მიწას, ცრემლში არეულს ვაყრიდით...

 

როცა თორაძეების ამბავი მოხდა, იმ დღეს, უფრო სწორად იმ საღამოს, დავჯექით მთელი ბავშვობის ძმაკაცები, მთელი უბანი და ერთად გადავწყვიტეთ:

 

მიუხედავად იმისა რომ ზუსტად ვიცოდით რა შედეგები შეიძლება მოყოლოდა მკვლელობის ჩამდენი პირებისაგან, ჩვენს მიმართ, თუ ჩვენ პანაშვიდზე მივიდოდით, მაინც აუცილებლად უნდა გამოგვეჩინა ყურადღება და დაგვეფასებინა გარდაცვლილები.

 

სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა, ამიტომ დაღამებას დაველოდეთ, მივიღეთ თავდაცვის დამატებითი ზომებიც და 3 ახალგაზრდა ბიჭი(ჩვენი ასაკი 20_22 წელს არ აღემატებოდა) სევასტოპოლზე, თორაძეების სახლს მივადექით... (დანარჩენებმა სტრატეგიული, ტაქტიკური და ზოგიერთმა ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, უარი განაცხადა წამოსვლაზე)

 

აი აქ მოხდა ის, რამაც ჩემს ცხოვრებაში ასე ღრმა კვალი დატოვა: ზუსტად არ მახსოვს რომელი სართული იყო, მაგრამ ის ზუსტად მახსოვს რომ როგორც მრავალშვილიან ოჯახს, პრეზიდენტმა გამსახურდიამ მთელი სართული აჩუქა მათ.

 

ეს ის დროა, არც დენი რომ არ არის და არც სურვილი რომ მზის ჩასვლის მერე ვინმე გარეთ გავიდეს.

 

ავაღწიეთ ამ უბედურების სართულამდე... ვინაიდან უკვე სიბნელეა და საკმაოდ ცივი ამინდიც იყო როგორც მახსოვს, რკინის კარები დაკეტილი დაგვხვდა. ჯერ მოწიწებით დავაკაკუნეთ... პასუხად სიჩუმე... ცოტა უფრო ხმამაღლა ტონალობაზე გადავედით... ისევ სიჩუმე... ერთმანეთში საუბარი დავიწყეთ, როგორ მოვქცეულიყავით და ამ დროს გოგოს ხმა გავიგეთ

 

-რომლები ხართ? ავუხსენით, იქიდან საუბარში სხვებიც ჩაერთვნენ და ბოლოს გადაწყვიტეს რომ ჩვენი შეშვება შეიძლებოდა.

 

და დაიწყო შეშვების პროცესი. გვესმის რკინის ხმები, გოგოების გაჭინთული, გაურკვეველი ქმედებების ხმებში არეული. კაი ხნის წვალების და რკინების ბრახუნის შემდეგ კარები გაიღო.

 

რაც შიგნით დაგვხვდა, ეს ჯოჯოხეთიდან გადმოტანილი რაღაც სიურეალისტური სცენა იყო...

 

დიდ ზალაში დედ-მამა და 3 ვაჟკაცი ესვენა. ოთახის კუთხეებში ბავშვები და გოგოები იჯდნენ მიყუჟულები.

 

არავინ ხმას არ იღებდა. მე ვერ გავძელი.

 

ისევ შემოსასვლელში გამოვედი.

 

შემოსასვლელი ვიწრო კორიდორი იყო. რომ გადავხედე, სანთლის შუქზე, მაშინ მივხვდი რა ხმებიც გვესმოდა გარეთ მომლოდინეებს.

 

მატარებლის 2 რელსის ნაჭერი იყო კედელზე მიყუდებული. როგორც ჩანს, შეშინებული(ან, როგორ არ გაიქცნენ სახლიდან, ეს არის გასაკვირი...) გოგოები, ვიწრო კორიდორის, კარებიდან მოპირდაპირე მხარედან, ჩაჭედილი რელსებით იცავდნენ რკინის კარებს, რომ არავინ შევარდნოდათ ასეთი უბედურების ჟამს!

 

აი ეს რელსები, 5 მიცვალებული ოჯახში და კუთხეებში შეყუჟული შეშინებული დიიიდი თვალები არ ამომდის თავიდან!!!!!

 

ეს არასოდეს აღარ უნდა განმეორდეს!!!! არასოდეს!!!!

 

არ დავიწყებ კონკრეტულად არავისზე ლაპარაკს! უბრალოდ ასეთი რამე არ უნდა მოხდეს არასოდეს!!!!

 

ზაზა, გია, პაატა, კახა... რამდენი სწორი, მშვიდობისა და ძმობის მქადაგებელი მოკლეს იმ პერიოდში,

 

მხოლოდ იმიტომ რომ სიკეთე დაჩაგრულიყო და „ბოროტებს“ გაემარჯვათ!

 

P.S. ზუსტად ვიცი რამხელა შეურაცხყოფად ჩამითვლიან ამ ამბის მოყოლას ბევრი იმათიანი. ნელაააა!!!! ფეხი არ ამოგიბრუნდეთ!!!“- წერს ვაჟა კაკუშაძე.

 

ცნობისთვის, თორაძეების 12 სულიანი ოჯახი ზემო ვერაზე, სევასტოპოლის ქუჩაზე ცხოვრობდა. ზაურ თორაძეს და იზო ქურხულს 10 შვილი ჰყავდათ, 5 გოგო და 5 ვაჟი. ძმები თორაძეები უბანში გავლენიან ბიჭებად ითვლებოდნენ. არაოფიცალური ინფორმაციით, დაპირისპირება თბილისში იმ დროს მოქმედი დაჯგუფების „ბოროტებსა“ და ლაშა თორაძეს შორის მაშინ დაიწყო, როცა ახალგაზრდამ 1991 წელს უცნობ ახალგაზრდას, ქუჩაში ტყავის ქურთუკი წაართვა. დაზარალებული "ბოროტების" ახლობელი აღმოჩნდა. "ბოროტები" მოპარულის დაბრუნებას ითხოვდნენ, თორაძეები კი ქურთუკს არ აბრუნებდნენ. დაპირისპირებულთა შერიგების მიზნით საქმეში ე.კანონიერი ქურდი, პაატა ჩლაიძე ჩაერია.

 

მანქანაში მყოფი ლაშა თორაძე დედ მამასთან ერთად ადგილზე გარდაიცვალა.  „მხედრიონმა“ მკვლელობიდან რამდენიმე წუთის შემდეგ თორაძეების სახლში გადაინაცვლა. სახლში დარჩენილებმა თავი მეზობელს შეაფარეს. „მხედრიონის“ წევრები სახლში შეცვივდნენ და ძვირფასი ნივთების შეგროვება დაიწყეს. შემდეგ კი თორაძეების მოსაძებნად მეზობელს მიაკითხეს.

 

სახლში „მხედრიონის“ ფორმიანი ორი შეიარაღებული პიროვნება შეიჭრა. ერთი მათგანი ნიღბით იყო, მეორე - უნიღბოდ. მათ ავტომატის ჯერით მცირეწლოვანი დების თვალწინ დაცხრილეს იმედო და კახა თორაძეები. სროლისას ასხლეტილი ტყვიით დაიჭრა თავად ბინის პატრონიც. დღემდე გაუჩინარებულად ითვლება ზაზა თორაძე, თორაძეების უფროსი ვაჟი, რომელიც სამ მარტს სახლში არ იმყოფებოდა. იგი დილით გავიდა სახლიდან და მას შემდეგ შინ არ დაბრუნებულა. ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, 23 თებერვალს, 17 წლის პაატა თორაძე გაუჩინარდა. დაობლებულმა დებმა კი მონასტერს შეაფარეს თავი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner