logo_geo
eng_logo
მირიან ნიკოლაძე: ყველაზე უბედური ადამიანია დედამიწის ზურგზე !
- +

3 ივლისი. 2020. 21:35

 

 

გაზეთი „ვერსია“ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღევანდელ ნომერში ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტი გარდაცვლილილის ბიძას, ადვოკატ მირიან ნიკოლაძეს ესაუბრება.

 

-  გამოძიება სწორ გზას ადგას ?

 

- მოცემულ ეტაპზე, გამოძიებასთან არ გვაქვს გაუგებრობა, ვმუშაობთ საერთო რეჟიმში, მივდივართ ყველა ვერსიის ბოლომდე ამოსაწურად. თუ გაიყო ჩვენი ინტერესები, დამერწმუნეთ, ვერავინ დამასწრებს და ყველამ თავის თავს მიხედოს! ამდენი პროფესორის, უცოდინრისა და პოლიტიკური ინტერესების მქონე ხალხის ხელში, ოჯახის ნერვიულობის გარდა, არაფერი ხდება. აყურებინებენ თავის უშინაარსო, არაკვალიფიციურ მოსაზრებებს. მეორედ კლავენ ოჯახს!

 

- ნიკა გვარამიას გულისხმობთ? ისე, დიდი რეზონანსი გამოიწვია თქვენმა დაპირისპირებამ.

 

- არ ვთვლი, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა გადავინაცვლოთ, რადგან გაცილებით რთული საქმეები გვაქვს გასაკეთებელი გიორგის ამბავთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ არც სარკაზმით და არც ირონიით დამიწერია... ვთვლი, რომ დედამიწის ზურგზე, ყველაზე უბედური ადამიანი, ვინც შეიძლება იყოს,  ნიკა გვარამიაა იმის გამო, რომ არ იცის, სიკეთე რა არის. არ იცის, როდის შეიძლება, ადამიანს გაუსწოროს ანგარიში. ეს არის მდარე საქციელი. ღირსება და ნიკა გვარამია ისე არიან ერთმანეთთან ახლოს, როგორც მე და ილონ მასკი.

 

- როგორც ჩანს, დიდი ხანია, იცნობთ ერთმანეთს.

 

- თანაკურსელები ვართ.

 

-ერთმანეთთან რაიმე დაპირისპირება გქონდათ?

 

- მთელი იმ ხნის განმავლობაში, როცა ბატონი გვარამია ხელისუფლებაში ბრძანდებოდა, ჩემს ოფისში თვითონ მოდიოდა და მოჰყავდა თავისი ახლობლები, ნათესავები, მეგობრები და ამბობდა, რომ ჩემს გარდა, არ ენდობოდა არავის და ჩემი კვალიფიკაციის გარდა, ვერ ანდობდა ვერავის. იმ ხალხთან დღესაც ვმეგობრობ და დარწმუნებული ვარ, გაკვირვებულები უყურებენ გვარამიას, ასეთი „სამოსანი ნიკოლაძის“, როგორც თავად ამბობს, „წარუმატებელი კაცის“ ხელში როგორ ჩააგდო და რას ერჩოდა იმ ხალხს.

 

- თუ ასეთი ურთიერთობა გქონდათ, რის გამო დაგიპირისპირდათ?

 

- ჩემი ბრალია, ამიტომ დავწერე პოსტშიც, ჩემგან გულნატკენი ხარ-მეთქი. როდესაც ვნახე, რომ მისი ტელევიზია სიბინძურის გარდა, არაფერს აკეთებდა და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი იყო, რაღაც გარკვეული პოსტი მივუძღვენი. ამ პოსტმა ის გააღიზიანა, იცით, რომ არ იცის კორექტული პასუხის გაცემა, გადადის ლანძღვა-გინებაზე და ეს მოხდა. იმდენსაც ვერ არჩევს, რომ ახლა კი არ უნდა იზრუნოს სამაგიეროს გადახდაზე... ზოგადად, სამაგიეროს გადახდის სურვილი რომ კლავს კაცს, ხომ წარმოგიდგენიათ, სად არის, ამით რომ ცხოვრობს და, მით უმეტეს, რომ შეუძლია, ეს გააკეთოს ტრაგედიის ფონზე! მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ნიკა გვარამიას ცხოვრებაში დაუდგება ეტაპი, როცა მიხვდება, რომ არსებობს ღმერთი და ზნეობა. ვიცი, რომ ექნება სინანულის პერიოდი ამ ცხოვრებაში და როცა ეს იქნება, როგორც  მეგობარს, აუცილებლად ისევ ჩავეხუტები.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner