სასტუმრო „პარაგრაფი რეზორტი და სპა“ „მთავარი არხს“ სიცრუეში ადანაშაულებს. სასტუმროს ადმინისტრაციის განცხადებით, სიუჟეტში გასული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტ, კურორტ ურეკში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი რეზორტი და სპა“-სთვის სახელმწიფომ უზრუნველყო წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო არხების მშენებლობა, რისთვისაც 85 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„გვინდა გამოვეხმაურთ ტელეკომპანია „მთავარი არხი“-ს ეთერში, კერძოდ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს, სახელწოდებით „წყალი ივანიშვილისთვის“, რომელშიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტ, კურორტ ურეკში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი რეზორტი და სპა“-სთვის სახელმწიფომ უზრუნველყო წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო არხების მშენებლობა, რისთვისაც 85 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.
აღნიშნული მტკიცების დასაზუსტებლად, ტელეკომპანია „მთავარი არხი“-ს წარმომადგენლები არ დაკავშირებიან არც თავად აღნიშნული სასტუმროს და არც ტურიზმის განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ სასტუმროს „პარაგრაფი რეზორტი და სპა“-ს გააჩნია წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო არხების დამოუკიდებელი სისტემა, რომელიც კერძო ხარჯებით იქნა უზრუნველყოფილი. საკანალიზაციო სისტემის მოსაწყობად, სასტუმრომ დაამონტაჟა გამწმენდი შენობა-ნაგებობა, ხოლო წყალმომარაგების კუთხით, მოწყობილია სამი, 60 მეტრის სიღრმის ჭაბურღილი, რომელიც ექპლუატაციაში სასტუმროს გახსნამდე ერთი წლით ადრე, კერძოდ 2016 წელს გაეშვა.
სასტუმრო „პარაგრაფი რეზორტი და სპა“ წყალმომარაგების ქსელზე დაერთდა ერთი თვის წინ, დადგენილი საფასურის გადახდის საფუძველზე, სატესტო რეჟიმისთვის, რომლის გამოყენებაც ამჟამად არ ხდება, ვინაიდან სასტუმრო დღემდე სრულიად მარაგდება დამოუკიდებელი ჭაბურღილებით, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სისტემასთან კავშირი არ აქვს. “- აღნიშნულია განცხადებაში.