პოლიტიკური მოძრაობა "გირჩის" ეკონომიკური მრჩევლის, ვახტანგ მეგრელიშვილის ბიზნესფორუმზე გამოსვლას დამსწრეთა ნეგატიური რეაქციები მოჰყვა.
მეგრელიშვილმა ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს ეკონომიკური მაჩვენებლების არაზუსტ დასდო ბრალი და განაცხადა, რომ დაპირებები, რაც ხელისუფლებაში მის მოსვლას ახლდა, არ შესრულებულა.
მეგრელიშვილის გამოსვლას "ავერსის" გენერალური დირექტორი, პაატა კურტანიძეც გამოეხმაურა.
"მახსოვს ბატონი ვახტანგის ორი სკანდალური განცხადება, როდესაც ის იყო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. პირველი, თქვენ ბრძანეთ ბატონო ვახტანგ მაშინ, რომ თქვენი ნება რომ იყოს, არც ერთ ქალს, რომელიც შეიძლება, რომ დაფეხმძიმდეს, არ მიიღებდით სამსახურში.
თქვენ ასევე ბრძანეთ, რომ საქართველოს მთავრობას ძალიან ძვირი უჯდება მთაში მოსახლეობის შენახვა და სჯობს, ყველა ქალაქში ჩამოვიდეს", - განაცხადა კურტანიძემ ბიზნესფორუმზე, რომელიც ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გაიმართა.
ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად და გამოწვევებზე სასაუბროდ მთავრობის წევრები, ბიზნესმენები და ექსპერტები ერთ მაგიდასთან შეიკრიბნენ.