ნაზი შამანაური – ეს სახელი და გვარი დიდხანს იყო ტაბუდადებული. ჟურნალისტი სიმართლისთვის სამაგალითოდ დასაჯეს. გოგონა, რომლის გაჩუმებაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სასტიკად აწამეს.
მისი დღიურები დიდხანს იყო გასაიდუმლოებული, თუმცა საბოლოოდ ნაზის ჩანაწერებმა დღის სინათლე იხილა და მითხველმა სრულად დაინახა ის სისასტიკე, რომელიც მაშინდელმა რეჟიმმა განახორციელა.
სწავლის დასრულების შემდეგ, ნაზი შამანაური თბილისიდან დუშეთში დაბრუნდა და იქ გამეფებულ უსამართლობას დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიებით დაუპირისპირდა. მან მოაგროვა ყველანაირი ფოტო თუ დოკუმენტური მტკიცებულება იმისა, რომ დუშეთის რაიონში გაუსაძლისი მდგომარეობა იყო და ადგილობრივებისთვის ელემენტარული პირობების შექმნაზე არავინ ზრუნავდა. ნაზი შამანაურმა ბევრჯერ სცადა თავისი სათქმელი ფართო მსმენელამდე მიეტანა, მაგრამ მისთვის ყველა კარი დაიხურა.
1982 წლის 14 აგვისტოს ჩარგალში გამართული ვაჟაობის დღესასწაული კი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ნაზიმ სიტყვა ითხოვა, მაგრამ უარი უთხრეს. როგორც იქნა ტრიბუნამდე მიაღწია, მიკროფონს ხელი სტაცა და დაიყვირა:
“ხალხო, გატყუებენ, ლამაზ-ლამაზ ფერებში ხატავენ ცხოვრებას, სინამდვილეში, კოლმეურნეები დაიმონეს, სასაქონლო გეგმის შესრულების მიზნით, მოსახლეობას მეწველი ძროხები წაართვეს, რა გვეზეიმება? ვაჟა რომ წამოახედოთ, სირცხვილით დაიწვება.”
ნაზი შამანაურს დედასთან ერთად თავზე ტომარა ჩამოაცვეს, მილიციის მანქანაში ჩატენეს და თბილისში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დედა-შვილი ერთმანეთს დააშორეს და დაიწყო ჟურნალისტის ხუთთვიანი სასტიკი წამება:
“გამატიტვლეს ყველას თვალწინ. იატაკზე თმით მათრიეს. ხელ-ფეხი შემიკრეს… მუცელში მცემდნენ. თმაზე მექაჩებოდნენ. ცხვირზე ხელს მიჭერდნენ, რომ პირი გამეღო… კანი მეწვოდა, ტუჩები დამილურჯდა, სასა დამისივდა… ლუკმას რომ ვერ მაყლაპებდნენ, ძუძუებზე ფეხს მაჭერდნენ, კისერს საქონელივით მიდრეკდნენ, მუცელში წიხლს მაზელდნენ, ნიკაპში – მუშტს… ლანცეტით მაწამებდნენ… სასამდე მიბჯენილ კოვზს ხახაში ბურღივით მიტრიალებდნენ… ვიხრჩობოდი… იოგები, საყლაპავი მილი დამიზიანდა… კბილები დამემსხვრა… პირსახოცი სისხლიანი იყო…” – წერდა ნაზი შამანაური თავის დღიურებში.
დღიურებს კი იგი ჩუმად წერდა, რათა ფსიქიატრიულის თანამშრომლებს არ წაერთმიათ:
“რატომღაც მეგონა, 17 წლის ასაკში ვიქნებოდი ბედნიერი… შემდეგ – 19 წლის ასაკში… ოცნების ჩიტი ირეალობაში იკეთებდა ბუდეს… 27 წელი… ამის მერე ყველაფერი ერთფეროვანი გახდა. აი, დღეს 27 დეკემბერია… ახალს არაფერს ველი… სიცოცხლე ბროლის ჭიქასავით სულ ნაკუწ-ნაკუწ დამიმსხვრიეს და ფეხქვეშ დამიყარეს… და თუ დღეს სიკვდილზე ვფიქრობ, არა იმიტომ, რომ დავიღალე ბრძოლით, რომ საცაა თითოეული ძარღვიც კი დასკდება, არამედ იმიტომ, რომ აღარავისი მჯერა ამ ქვეყანაზე… ზეინაბ! ნუ აუკრძალავ დეიდას, მომიტანოს ქაღალდი, საწერკალამი… იქნებ ეს ჩემი უკანასკნელი ბარათებია… უნივერსიტეტის თეთრი ტაძრიდან პირდაპირ ტალახში მისროლეს…”
ნაზი შამანაური გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე, ფსიქიატრიული საავადმყოფოს პალატაში, მუცლის მწვავე ტკივილებისგან დატანჯული, დაწყლულებული თითებით წერდა უკანასკნელ ბარათს:
“ჩემს დღიურებს მთლიანად აგონიაში ვწერდი… მეტი აღარ შემიძლია. ფიზიკური ჯანმრთელობა შენარჩუნებული მაქვს, მაგრამ ფსიქოლოგიურად, მორალურად გამოვიფიტე. ხეს მოწყვეტილი ფოთოლივით ვქანაობ. სიკვდილს ვნატრობ… ძალები არ გამომლევია. უბრალოდ, რწმენა დავკარგე. რწმენის გარეშე სიცოცხლე კი უკვე სიკვდილია…
1983 წლის 20 იანვარს ნაზი შამანაური რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც. მისი სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად სეფსისი დასახელდა.
ხელისუფლების სათავეში ეროვნული ძალების მოსვლის შემდეგ ნაზი შამანაური გმირად გამოცხადდა, ქუჩას, სადაც ის ცხოვრობდა, ნაზი შამანაურის სახელი ეწოდა, შენობა კი სახლ-მუზეუმად გადაკეთდა.
ნაზი შამანაური 1940 წლის 5 ივლისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში დაიბადა.