ელენე თევდორაძე, რომელიც 2004-2013 წლებში შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა დავით ჭაკუასთან შეხვედრას იხსენებს. როგორც მან „იმედის კვირას“ განუცხადა, ის ბაჩო ახალაიას, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა ჭაკუას გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა ამის ნაცვლად ახალაიამ ის დააწინაურა.
„როცა მივედი ჭაკუასთან იყო საოცარი სიჩუმე. აქ ასეთმა სიჩუმემ გამაკვირვა ძალიან და ვუთხარი რატომ. ამაზე მეუბნება: „რას ლაპარაკობთ, ქალბატონო ელენე. აბა ვინმემ ან დააცემინოს, ან გაიცინოს ხმამაღლა, რომ შევალ და რომ ვთხლიშავ...“. მაშინვე მივედი ახალაიასთან და ვუთხარი: „ვიღაც მხეცი რომ გყავს იქ მოაშორე, არ შეიძლება ასე“. მერე გავიგე, რომ მან ეს მხეცი გადაიყვანა თავის მოადგილედ“, - იხსენებს ელენე თევდორაძე
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეოს თანამშრომელი სასჯელაღსრულების სისტემაში, 2005 წლის დეკემბრის შემდეგ გამოჩნდა, როცა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაჩო ახალია გახდა. დავით ჭაკუა სწრაფად დაწინაურდა.
ჯერ იყო ოპერატიული განყოფილების უფროსი, შემდეგ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. 2007 წლიდან ბაჩო ახალაიას პირველი მოადგილე, 2009 წლიდან ზაფხულიდან კი, მას შემდეგ რაც ახალაია თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახდა, ჭაკუამ მისი ადგილი დაიკავა.
საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან 4 დღეში, 2012 წლის 5 ოქტომბერს, დავით ჭაკუამ ქვეყანა სარფის გავლით, დათა ახალაიასთან და მეგის ქარდავასთან ერთად დატოვა.
ძებნილი დავით ჭაკუა გერმანიიდან საქართველოში 4 ივლისს ჩამოიყვანეს. დავით ჭაკუას დაუსწრებლად მისჯილი აქვს 3 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა და ასევე ჩამორთმეული აქვს სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანამდე დავით ჭაკუა 21 დღით კარანტინში მოათავსეს.