logo_geo
eng_logo
საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა LIBE-ში 27 ივნისისთვის ჩაინიშნა
- +

21 ივნისი. 2016. 23:35


საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა ევროპის პარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE)   27 ივნისისთვის ჩაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.


ევროპარლამენტის ოფიცილურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის ანგარიშის პროექტიც, რომელიც ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელმა, "ევროპის სახალხო პარტიის" წევრმა მარია გაბრიელმა წარადგინა.


მარია გაბრიელი სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების კომიტეტს მიმართავს რეკომენდაციით, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას. 


დოკუმენტში კი აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი პირველივე მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას,ევროკომისიის წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას. ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველომ შეასრულა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება.  მომხსენებელი პოზიტიურად აფასებს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ, ევროკომისიის დასკვნის შემდეგაც, შეიმუშავა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და გააგრძელა დაწყებული რეფორმები იმ სფეროებში, სადაც უკვე მიღწეული იყო საკმარისი პროგრესი.


გარდა ამისა, ანგარიშის პროექტში ნათქვამია, რომ საქართველო ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ასევე ხაზგასმულია,  რომ ასოცირების შეთანხმებამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სრულიად ახალ დონეზე აიყვანა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა გაამყარა. ღრმა და ყოვლისმომცველმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ კი მნიშვნელოვნად გაზარდა ევროკავშირის, როგორც საქართველოს კომერციული პარტნიორის როლი. უვიზო მიმოსვლა განსაკუთრებით შეუწყობს ხელს ხალხთაშორის კონტაქტებს და გააძლიერებს ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ურთიერთობებს.


ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს სტაბილურ დემოკრატიად განვითარების პროცესს ხელი შეუწყო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებამ. საქართველომ განახორციელა ღრმა და რთული რეფორმები, მათ შორის, ისეთ სფეროებში როგორიცაა მართლმსაჯულება და საშინაო საქმეები. ვიზალიბერალიზაცია კი ხელს შეუწყობს ღია, დაბალანსებულ და კონსტრუქციულ დიალოგს  მიმდინარე რეფორმების კუთხით დამატებითი ნაბიჯების და ძალისხმევის განსახორციელებლად.


მარია გაბრიელი აღნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია გახდეს მნიშვნელოვანი პარტნიორი ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ტრეფიკინგის, ტერორიზმისა და კორუფციის, წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ თვალსაზრისით, იგი მიესალმა საქართველოს მთავრობის გაცხადებულ ინტერესს ევროპოლთან თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე წარმოებულ მოლაპარაკებებს.


დასასრულს მომხსენებელი აღნიშნავს, რომ ევროკომისიის მიერ წარდგენილი წინადადების მიღებით ევროპარლამენტი დაადასტურებს იმ პრინციპისადმი ერთგულებას, რომ თითოეულ ქვეყანას ყველა შესაბამისი კრიტერიუმის წარმატებით შესრულების შემდეგ შეუძლია ისარგებლოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner