„ჩვენ რუსეთში პუტინის ძალაუფლების გამყარებისა და გახანგრძლივების მომსწრე ვართ. ამ ქვეყანამ, ფაქტობრივად, მუდმივი პრეზიდენტი მიიღო“, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ განაცხადა რუსეთში, 1 ივლისს დასრულებულ საკონსტიტუციო რეფერენდუმზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც, ვლადიმირ პუტინს ხელისუფლებაში ყოფნა 2036 წლამდე შეეძლება.
მამუკა არეშიძის განმარტებით, საქართველოსთვის ამ გადაწყვეტილებით არაფერი შეიცვლება. მისი თქმით, რუსეთში, აღნიშნული საკონსტიტუციო რეფერენდუმისთვის დიდი თანხები დაიხარჯა.
„რუსული ოლიგარქიის ერთმა ნაწილმა სცადა ამ გადაწყვეტილებით თავის გადარჩენა. 7-8 ოლიგარქია, რომელებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ რეფერენდუმის შედეგი ასეთი ყოფილიყო. ამისთვის დიდძალი ფული დაიხარჯა, მაგრამ არის ოლიგარქიის მეორე ნაწილი, რომელსაც პოლიტიკური სურათის შეცვლა სურდა და მას რეფერენდუმის ეს შედეგი ნამდვილად არ გააჩერებს. კარგად რომ დავაკვირდეთ, პუტინი ოლიგარქიული სისტემის მძევლად გადაიქცა. ვნახოთ, ოლიგარქიული ჯგუფის დაპირისპირება რა შედეგს მოიტანს.
საქართველოსთვის კი, ვფიქრობ, არსებითად არაფერი შეიცვლება. რუსეთი არა მარტო ოკუპანტია, არამედ ჩვენი ქვეყნის მტრადაც ჩამოყალიბდა, რომელთანაც საერთო ენის გამონახვა ძალიან რთულია. ის პოლიტიკა, რასაც რუსეთთან ვაწარმოებთ, საჩვენოდ ეფექტიანი არ არის, თუმცა, შეცვლის გზაც არ ჩანს“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.