პანდემია გრძელდება და უფრო ფართო მასშტაბებს იღებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.
„საფრთხეა ის, რომ თუ „წესიერად“ არ მოვიქცევით, არ დავიცავთ რეკომენდაციებს, ან ის ხალხი, ვინც თვითიზოლაციაშია, რეკომენდაციას არ დაიცავს ან საზღვრის კონტროლს ოდნავ შევასუსტებთ - შესაძლოა ინფექცია ქვეყანაში შემოვიდეს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი სულ 953 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 830, გარდაცვლილი - 15.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.