შსს შაქარაშვილის საქმეზე იაკობ ბრეგვაძის ზარის ჩანაწერს ავრცელებს
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, გვსურს, მოგაწოდოთ შუალედური ინფორმაცია გამოძიების შედეგებისა და მიმდინარეობის შესახებ.
საქმის მოცულობისა და ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების ინტენსივობის გათვალისწინებით, საქმეზე გაფართოვდა საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა და სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად გამოძიებას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი“, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ყველა შესაძლო ვერსიაზე. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.
ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ იაკობ ბრეგვაძის მიერ „112“- ში განხორციელებულ ზარს, სადაც ის იძახებს პოლიციის ეკიპაჟს და ასევე, ვასაჯაროებთ „112“- ის ოპერატორის მიერ განხორციელებულ ზარს იაკობ ბრეგვაძესთან, სადაც ოპერატორი ბრეგვაძის ლოკაციის დაზუსტებას ცდილობს.
რაც შეეხება ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს, ამ საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს და თუ გამოიკვეთება მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა პროკურატურას.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ჩადენისთვის ბრალი წარედგინა და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება 17 პირი. სისხლის სამართლის საქმეზე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, კერძოდ:
საქმეზე ჩატარებულია 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედება.
მათ შორის:
ჩვენ კვლავ განვაგრძობთ აქტიურ თანამშრომლობას გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან და სისტემატურად ვაწვდით ინფორმაციას გამოძიების მსვლელობისა და შედეგების შესახებ.
აქვე, მივმართავთ საზოგადოებას და ცალკეულ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რათა არ დაზიანდეს გამოძიების ინტერესი და არ შეეშალოს ხელი საქმეზე სიმართლის დადგენას. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება მოხდება ეტაპობრივად“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.