შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე იაკობ ბრეგვაძის მიერ „112“- ში განხორციელებული ზარის შესახებ განმარტა, რომ როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა იაკობ ბრეგვაძე ნახა, დაპირისპირება უკვე ამოწურული, ხოლო შეტყობინება უკვე გაუქმებული იყო.
„ჩვენ დღეს ვასაჯაროებთ „112“-ში განხორციელებულ შეტყობინებებს, იაკობ ბრეგვაძის მიერ დანაშაულის დღეს გაკეთებულ შეტყობინებას და მინდა, დეტალურად მოგახსენოთ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით. იმ ღამით, როცა ეს ტრაგედია მოხდა, იაკობ ბრეგვაძე, მას შემდგომ, რაც ავტოსამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეულ ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, ტოვებს შემთხვევის ადგილს, გაურბის საფრთხეს. მას შემდგომ, რაც მასზე თავდასხმა განხორციელდა, იგი იმალება ერთ-ერთ შენობაში, რის შემდეგაც თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონით რეკავს „112“-ში, უკავშირდება ოპერატორს და ეუბნება, რომ ადგილი აქვს ფიზიკურ დაპირისპირებას, ჩხუბობს დაახლოებით 10 ადამიანი და იძახებს პოლიციას, მაგრამ, ამავე შეტყობინების განხორციელებისას, იაკობ ბრეგვაძე ვერ ასახელებს ზუსტ ლოკაციას, თუ სად იმყოფება. ის ოპერატორს განუმარტავს, რომ იმყოფება მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიაზე და ასევე, უსახელებს ერთ-ერთი გაუქმებული ობიექტის სახელწოდებას. ოპერატორი ცდილობს დააზუსტოს მისი შეტყობინება და ავტომატურ რეჟიმში გზავნის ამ შეტყობინებას საპატრულო პოლიციის და კრიმინალური პოლიციის სამორიგეოებში. ამავდროულად, პოლიციის ეკიპაჟები ცდილობენ იაკობ ბრეგვაძის ადგილსამყოფელის დადგენას, გადიან სავარაუდო მიმართულებით და პარალელურად სამორიგეოდან უკავშირდებიან იაკობ ბრეგვაძეს, ადგილმდებარეობის და ლოკაციის დაზუსტების მიზნით. ეკიპაჟები ვერ პოულობენ ლოკაციას და იძულებული ხდება ოპერატორი, ხელმეორედ დაუკავშირდეს იაკობ ბრეგვაძეს და დააზუსტოს მისი ლოკაცია. მეორე ზარი განხორციელდა „112“-ის ოპერატორის ინიციატივით, რომელიც კვლავ შეეცადა იაკობ ბრეგვაძის ლოკაციის დაზუსტებას. სწორედ ამ დროს, იაკობ ბრეგვაძე ოპერატორს ეუბნება, რომ იგი იმყოფება მცხეთა-მთიანეთს ტერიტორიაზე, არაგვის ხიდებთან, მაგრამ, ამავდროულად განუმარტავს ოპერატორს, რომ ჩხუბი დასრულებულია, არავინ აღარ არის, ყველა წავიდა და სთხოვს, რომ გააუქმოს შეტყობინება. მიუხედავად ამისა, „112“-ის ოპერატორი, უსაფრთხოების მიზნით, აზუსტებინებს კვლავ ლოკაციას და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი განაგრძობს იაკობ ბრეგვაძის ძებნას, რის შემდგომაც ეკიპაჟი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე პოულობს იაკობ ბრეგვაძეს და ეკითხება, რა მოხდა. ბრეგვაძე განუმარტავს, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ დაპირისპირებას. დაპირისპირებაში მონაწილე პირები უკვე წავიდნენ, ხოლო იგი „ავტოსტოპის“ საშუალებით ცდილობს თბილისის მიმართულებით წასვლას . ბრეგვაძე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს სთხოვს თბილისამდე წაყვანას. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გარკვეულ კითხვებს უსვამს და ეს ცალსახად, გენერალური ინსპექციის გასარკვევია. ამის შემდგომ პოლიციელები იაკობ ბრეგვაძეს სვამენ მანქანაში და მიჰყავთ თბილისში. აქვე დავაზუსტებ, რომ როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა იაკობ ბრეგვაძე ნახა, შეტყობინება უკვე გაუქმებული იყო“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.