logo_geo
eng_logo
მარინა ენდელაძე: პირბადეს ბაქტერიების პირბუდედ ნუ ვაქცევთ!
- +

7 ივლისი. 2020. 15:41

 

 

როგორ არ ვაქციოთ პანდემიის ყველაზე არასასიამოვნო ატრიბუტი - პირბადე (რომლის გარეშეც დახურულ სივრცეში ყოფნა კანონდარღვევას წარმოადგენს) ბაქტერიების პირბუდედ და კიდევ რომელი ინფექციური დაავადების საფრთხე გვემუქრება მისი არასწორად მოხმარების შემთხვევაში? გვესაუბრება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პირველი ბოქსირებული განყოფილების გამგე, ინფექციონისტი მარინა ენდელაძე:

 

- ჯანმრთელი ადამიანის მიერ პირბადის გამოყენება გახლავთ ერთგვარი პრევენცია COVID-19-ის თავიდან ასაცილებლად. ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს იმის გარანტია, რომ ინფიცირებული ადამიანი აუცილებლად მიმართავს ცხელების ცენტრს, დაიცავს დისტანციას და გამოიყენებს პირბადეს, საჭირო გახდა, თითოეულმა ადამიანმა თავად დაიცვას უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები. ჩვენ, სამწუხაროდ, არც ის ვიცით, რა შორეული გართულებები ახასიათებს ახალ კორონავირუსს და როგორია მისი გავლენა ამა თუ იმ ორგანოზე. პირბადესთან ერთად აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა, რათა ადამიანმა ინსტინქტურად თვალის ლორწოვანზე არ მოისვას. კორონავირუსი სწორედ იმიტომ არის საშიში ინფექცია, რომ ადვილად ვრცელდება და ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

 

- იქონია თუ არა კორონავირუსის დროს პრევენციის მიზნებით დაწესებულმა შეზღუდვებმა დადებითი ეფექტი სხვა ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების გავრცელებაზე?

 

- კარანტინის პერიოდში და გარკვეული შეზღუდვების შემოღებისთანავე შემცირდა რესპირატორული და ვირუსული ინფექციების შემთხვევები. მაგალითად: ხელების ხშირი დაბანა, დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა ამცირებს ნაწლავური ინფექციებით, ენტეროვირუსებითა და სხვა დაავადებებით ინფიცირების რიცხვს. ძალიან არასასურველი იქნება, ადამიანი დაინფიცირდეს ერთდროულად კორონავირუსით და სხვა რესპირატორული ინფექციით, რომელიც კორონავირუსის მკურნალობას გაცილებით გაართულებს.

 

- შესაძლოა თუ არა, არასწორად გამოყენებული პირბადე გახდეს სხვადასხვა ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციებით ჩვენი ინფიცირების წყარო?

 

- რასაკვირველია! აქ უნდა გავითვალისწინოთ ნიღბის როგორც გარეთა, ასევე შიდა ზედაპირი და ის ვირუსები და ბაქტერიები, რომელიც დროთა განმავლობაში ორივე მხარეს იკიდებს ფეხს. მის გარე ფენაზე მაქსიმალური კონცენტრაციით არის წარმოდგენილი ყველა ის ვირუსი, მიკრობი თუ ბაქტერია, რომელიც გარემოში ტრიალებს ან დაბინძურებული ხელის საშუალებით მექანიკურად ხვდება პირბადის ზედაპირზე. არასწორად გამოყენებული პირბადე ბაქტერიების ბუდეა. ამიტომ გირჩევთ, დაიცვათ პირბადის მოხმარების წესები და მას ბაქტერიების პირბუდედ ნუ აქცევთ!

 

- ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანები ხან ერთი მხრიდან იკეთებენ პირბადეს, ხან - მეორე მხრიდან... არის შემთხვევები, როცა ოჯახის წევრები ერთმანეთის ნიღაბს მოიხმარენ და მთლად უარესიც, როცა საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსებში მგზავრები ერთმანეთს პირბადეებს უცვლიან.

 

- თუ ადამიანის იმუნური სტატუსი დაქვეითებულია, პირბადის გამოყენების წესების დამრღვევი ადვილად დაინფიცირდება ამა თუ იმ ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციის გამომწვევით, რომელიც უხვად გროვდება პირბადის ზედაპირზე.

ეს ფაქტი არის ყოვლად დაუშვებელი და წარმოუდგენელი! ყველა ადამიანს აქვს თავისი პირობითი პათოგენური მიკროფლორა. ამიტომ შესაძლოა, ვირუსი ან ინფექცია, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, ერთი ადამიანის ორგანიზმისათვის საშიშროებას არ წარმოადგენდეს და მეორისთვის მწვავე დაავადების გამომწვევად იქცეს. ამრიგად, კატეგორიულად დაუშვებელია სხვისი გამოყენებული პირბადის მოხმარება, თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრი იყოს! რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში იზრდება ტუბერკულოზით, სტრეპტოკოკით, სტაფილოკოკით, რესპირატორულ-ვირუსული, ნაწლავური ინფექციებითა და მენინგოკოკით ინფიცირების შესაძლებლობა! ბოდიშს ვიხდი, რომ ამაზე საუბარი მიწევს!

 

- სამწუხაროდ, პანდემიის პერიოდში პირბადის ფასი ერთ ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, ადამიანები, არათუ მის ხშირ გამოცვლას ახერხებენ, არამედ ერთი პირბადე შესაძლოა, რამდენიმე დღეც კი გამოიყენონ...

 

- ძალიან არ მომწონს, რომ ასე საგრძნობლად გაიზარდა ფასი პირველადი მოხმარების ნივთზე. მესმის, როგორი ფინანსური პრობლემები შეექმნათ ადამიანებს, თუმცა, ერთი პირბადის მრავალჯერ გამოყენება დაუშვებელია და ისევ მათ ჯანმრთელობას ავნებს. თუკი ადამიანს ფინანსურად არ შეუძლია, დღეში 3-4 ერთჯერადი პირბადის შეძენა, უმჯობესი იქნება, იყიდოს აფთიაქში მარლა და თავად დაამზადოს 4 ცალი მარლის პირბადე, რომელსაც დღის განმავლობაში მოიხმარს, საღამოს გარეცხავს და უთოს ქვეშ დაამუშავებს. ამგვარად თავსაც დაიცავს და ფინანსებსაც დაზოგავს, ოღონდ აუცილებელია, პირბადის გარე მხარეზე გარკვეული მინიშნება გააკეთოთ, რომ არ აგერიოთ მოხმარებისას. პირადად მე მარლით დამზადებულ პირბადეს ვირჩევ!

 

- როგორ დავამზადოთ სახლის პირობებში მრავალჯერადი გამოყენების პირბადე?

 

- აიღეთ სამედიცინო მარლა და სასურველ ზომაზე გამოჭერით ისე, რომ ცხვირისა და პირის მიდამო დაგიფაროთ, ან დააზომეთ ერთჯერადი გამოყენების პირბადეს და 6 ფენა მარლა ერთმანეთზე გადაკერეთ. სამაგრებად შეგიძლიათ, ნებისმიერი წელვადი მასალა გამოიყენოთ. ასე დამზადებული პირბადე ვირუსებისა და ბაქტერიებისაგან სრულყოფილად დაგიცავთ, უკეთაც ისუნთქებთ, თანხაც დაგეზოგებათ და, რაც მთავარია, შეძლებთ, დამუშავების შემდეგ მრავალჯერ გამოიყენოთ. პირბადის დამზადების ეს მეთოდი თქვენს ჯანმრთელობასა და ჯიბეს მაქსიმალურად დაიცავს!

 

ესაუბრა მეგი საჯაია

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner