ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის (ყოფილი უშიშროების შენობის) და თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მხატვართა სკოლის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტს „საქართველოს ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი“, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. პროექტის განხორციელება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას უშუალო ჩართულობით გახდა შესაძლებელი.
უშიშროების ყოფილ შენობაში მხატვართა სახლი განთავსდება, ამის შესახებ მხატვრებს სახელმწიფო რწმუნებულმა თავად აცნობა.
აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ქალაქის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს, პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას უშუალო ჩართულობით გადაეცა. შენობა მანამდე კერძო საკუთრებას წარმოადგენდა, თუმცა მისმა მფლობელმა ვერ უზრუნველყო მისი მოვლა პატრონობა, რის გამოც შენობა წლების განმავლობაში ნადგურდებოდა.
მოდერნის სტილში, გასული საუკუნის დასაწყისში შენობა გერმანელმა არქიტექტორმა ედმონდ ფრიკმა ააშენა. ნაგებობა ულამაზესი არქიტექტურული დეტალებით და მხატვრული ელემენტებით გამოირჩევა.