თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობაში დედაქალაქის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ განაცხადა, ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა ორხევის, ლილოსა და აეროპორტის მოსახლეობის დიდი ინტერესიდან გამომდინარე მოეწყო.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებთან ერთად სხდომას სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი, აღნიშნული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ამავე რაიონში მცხოვრები მოქალაქეები ესწრებოდნენ.
კომისიის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი წარუდგინა და ქუჩათა ქსელის მომზადების პრინციპებზე დეტალურად ისაუბრა.
ლია ჯახველაძე სამგორის რაიონში მდებარე უსახელო ქუჩების თემასაც შეეხო და მოსახლეობას უკვე განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო პრიორიტეტბი გააცნო.
კომისიის თავმჯდომარემ დღესვე საკრებულოს მიერ ჩატარებული გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესარჩევი კონკურსის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დედაქალაქში სწორედ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შერჩეული დიზაინის აბრები განთავსდება.
,,თუკი მოსახლეობა კომისიის საქმიანობის შესახებ გამოთქვამს ინტერესს, მზად ვართ გასვლითი სხდომები ყველა მუნიციპალიტეტში გავმართოთ და მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ვისუბროთ", - განაცხადა ლია ჯახველაძემ.