„14-დღიანი კარანტინი ევროპის იმ ქვეყნების მოქალაქეებზეც გავრცელდება, რომლებიც არ ჩამოდიან ხუთი ქვეყნიდან, ვისთანაც საზღვრები გავხსენით. აქედან გამომდინარე, კარანტინის საკითხის მოქალაქეობასთან დაკავშირება არ არის მართებული,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, საქართველო საერთო ევროპული შეთანხმების მონაწილეა, რაც მას გარკვეული ვალდებულებების შესრულებას აკისრებს.
„ჩვენ ვართ საერთო ევროპული შეთანხმების ნაწილი და ვალდებული ვართ სიმეტრიული ზომები დავუწესოთ შესაბამის ევროპულ ქვეყნებს - ისინი არ ამოწმებენ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ არ ვამოწმებთ მათ მოქალაქეებს. თუმცა არავინ თქვას, რომ ჩვენ უკონტროლოდ ვტოვებთ მათ მოქალაქეებს - მათ უტარდებათ თერმოსკრინინგი, ივსება ელექტრონული ფორმა და იმ შემთხვევაში, თუ ამ ხუთი ქვეყნის რომელიმე მოქალაქემ საქართველოში ჩამოსვლამდე 14 დღის განმავლობაში, იმოგზაურა რომელიმე ქვეყანაში, ვის მიმართაც ჩვენს ეპიდემიოლოგებს კითხვის ნიშნები აქვთ, მან სავალდებულო PCR - ტესტი უნდა გაიაროს, რომლის ღირებულებასაც თავად დაფარავს. აქედან გამომდინარე, კონტროლი განხორციელდება,“ - განაცხადა მინისტრმა.