„როდესაც ასეთ ახალგაზრდებს ვხედავ, ოპტიმიზმით ვივსები. დღეს სასიამოვნი დღეა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს კარიერული წინსვლის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ეს არის ერთგვარი ღია კარის დღე პოლიციისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის. ახალგაზრდების ჩართულობა რეფორმებისა და ცვლილებების პროცესში, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ჩვენი ქვეყნის მომავალის შექმნას მხოლოდ და მხოლოდ განათლებული ახალგაზრდები შეძლებენ. თითოეული თქვენგანის მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ცვლილებების პროცესში, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. მინდა, გისურვოთ წარმატებები, რადგან თქვენს წარმატებაზე არის დამოკიდებული თითოეული ადამიანის უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში, რაც არის უზენაესი მიზანი ჩვენთვის, ჩვენი მთავრობისათვის",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა განათლების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ძალიან ამბიციური გეგმები აქვს.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები განათლების მიმართულებით. განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული სფერო ჩვენი ქვეყნის მომავლის მშენებლობაში. საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი, სწორედ შსს და პოლიციის აკადემიის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი არის ძალიან თამამი. ჩვენი მხრიდან კი, მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კარიერული წინსვლის ფორუმს მასპინძლობს. 13 უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ 200-მდე სტუდენტს საშუალება მიეცემა, უწყებაში გამოცხადებულ ვაკანსიებზე დასაქმდნენ.