გიორგი აფრასიძე ჟურნალისტებთან საუბრისას იხსენებს, თუ როგორ დაუხოცეს ახლობლები სპეცოპერაციისას, რომელსაც ბარამიძე და სააკაშვილი ხელმძღვანელობდნენ. მისი თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა სწორედ მათ აკისრიათ.
„ჩემი თვალით ვნახე, როგორ გამოვიდა ბაბუაჩემი ხელებაწეული აივანზე და დახვრიტეს. ითხოვდა, - ოჯახში ბავშვები არიან, არ ისროლოთო. ამ დროს მოახდინა გასროლა სნაიპერმა და ჩემს თვალწინ მოკლეს. მეორე ბიძა, ომეხი გაიყვანეს. სახლის აივნიდან ვუყურებდით მე და ჩემი და-ძმები და ეზოში ჩაიყვანეს და იქვე ჩაცხრილეს. უნდოდათ მოსახლეობის შეშინება და ხალხის დატერორება. ჩვენს ოჯახში ერთადერთი, ვინც იძებნებოდა, იყო ომეხი. მისი აყვანა კი ნებისმიერ დროს შეეძლოთ. რაც შეეხება კალაძეს, იყო ბრალდებები, მაგრამ გავიდა რამდენიმე ხანი და მაგ საქმეზე სულ სხვა პირები დააკავეს“, - განაცხადა აფრასიძემ.
საქმე ეხება სვანეთში 2004 წელს ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ევგენი და ომეხ აფრასიძეები დაიღუპნენ, გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააპატიმრეს. გოჩა აფრასიძეს 19, ხოლო შმაგი აფრასიძეს 17 წელი ჰქონდა მისჯილი. მათ 9 წელი მოიხადეს და 5 წლის წინ, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ გათავისუფლდნენ.