რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გათავისუფლდება.
ამასთან, ზურაბ აბაშიძე იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც 27 ივნისს გაიმართება, საკითხი ბოლომდე იქნება განხილული და ეს თემა, ახლო მომავალში, საერთოდ დაიხურება.
„ჩვენ სპეციფიური, კონკრეტული დღის წესრიგი გვაქვს, წინასწარ შეთანხმებული, რომლის მიხედვითაც გავნიხილავთ სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ საკითხებს. შეხვედრაზე ძირითადი განსახილველი თემა იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მრავალი წელია, ჯაშუშობის ბრალდებით იხდიან სასჯელს რუსეთის საპატიმროებში. განვლილ პერიოდში, გავათავისუფლეთ ჩვენი ექვსი მოქალაქე, რომლებიც უკვე დაუბრუნდნენ ოჯახებს. ველით, რომ უახლოეს ხანში, კიდევ ერთი პიროვნება გათავისუფლდება და დაუბრუნდება საკუთარ ოჯხას. ვეცდებით, ბოლომდე გავიაროთ ეს საკითხი და დავხუროთ ეს თემა", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ასევე აღნიშნავს, რომ გრიგორი კარასინთან დაგეგმილ შეხვედრაზე მხარეები გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხზე ისაუბრებენ.
„რაც შეეხება საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩვენი მანდატით გათვალისწინებული, გვერდს ვერ ავუვლით გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს.
ავუხსნით რუსულ მხარეს, თუ რამდენად საშიშია ასეთი ვითარება არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და ამ სიტუაციას მეტი პასუხისმგებლობა სჭირდება. რუსული მხარე ცდილობს, მომხდარზე პასუხისმგებლობა აფხაზურ მხარეს დააკისროს, მაგრამ ასე არ გამოვა. უპირველესად, ვითხოვთ დროულ რეაგირებას და დამნაშავის დაკავებას. თუ არ იქნა ზომები სწრაფად მიღებული, რეგიონში სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.