„მთავარი ძალაუფლების წყარო მომდინარეობს ხალხისგან. ვერც ერთი ძალა ვერ გადაწყვეტს ჩვენი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ბედს. თუ ჩვენი ხალხი, გვაძლევს და მოგვცემს მანდატს რომ გავაგრძელოთ ჩვენი ხალხის და ქვეყნის მსახურება, ამას ვერავითარი ძალა წინ ვერ აღუდგება. ორჯერ იქნება, სამჯერ თუ ოთხჯერ, ამას მხოლოდ ერთადერთი უნივერსალური და უზენაესი ძალა, ქართველი ხალხი გადაწყვეტს და მე არ ვურჩევდი არც ერთ ძალას ამ პროცესში ჩარევას,“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა.
„მინდა მაგალითი მოვიყვანო: ევროპის თანამედროვე დემოკრატიული სისტემები იცნობს არაერთ მაგალითს, იგივე გერმანია, ლუქსემბურგი და ა.შ. სადაც ჩვენ ვიხილეთ 3-ჯერ, 4-ჯერ და უფრო მეტჯერ ერთი და იგივე ხელისუფლების მმართველობა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სრული ლეგიტიმური უფლება, იმ პირობით რომ ჩვენ ხალხი გვაძლევს მანდატს და მხარდაჭერას - გავაგრძელოთ ქვეყნის მმართველობა. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მმართველობა არის ერთადერთი გამონაკლისი, ბოლო 30 წლის განმავლობაში, როცა ჩვენმა ქვეყანამ იხილა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ამ 8 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას არ განუცდია ისეთი ტრაგედია, როგორიც არის ომი, როგორიც არის ჩვენი ტერიტორიების დაკარგვა. ვერც ერთი ხელისუფლება, ვერც ერთი მართველი ვერ უნდა დარჩეს პოლიტიკაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანს ისეთ დიდ განსაცდელს როგორიც არის ომი და ტერიტორიების დაკარგვა. ამ ძალას, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობას“ და კონკრეტულად სააკაშვილი არ აქვს არავითარი მორალური უფლება არა თუ ჰქონდეს პრეტენზია ხელისუფლებაში დაბრუნების, არამედ პოლიტიკაში დარჩენის. და ჩვენ, ყველანი ერთად ვიბრძოლებთ ბოლომდე, მანამ, სანამ ამ ძალას არ გავიყვანთ პოლიტიკური ველიდან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ივანიშვილმა ქვეყანაში 90-იანი წლების კრიმინალების თარეში დააბრუნა. მისივე თქმით, ამერიკის კონგრესმა საქართველოს სანქციები დაუწესა.
ექსპრეზიდენტი ირწმუნება, რომ მისი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი და იგი იქნება წინა ხაზზე. „გპირდებით, რომ მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხების ფრონტზე და საქართველოს გადარჩენის ფრონტზე. ეს უკანონობა, ეს არალეგიტიმურობა უნდა დამთავრდეს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.