საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ფიქრობს, რომ ხელისუფლება კორონავირუსს კარგად უმკლავდება - ამაზე მიუთითებს ის მონაცემები, რომელიც გორბის-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა.
რამოდენიმე კონტინენტის 18 ქვეყანაში კვლევა „გელაპ ინთერნეიშენალმა“ ჩაატარა. ამ პროექტის ფარგლებში, „გორბიმ“-მ ჩაატარა საქართველოს მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევა სატელეფონო პანელის გამოყენებით. სულ გამოიკითხა 1003 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა 7-12 ივნისს და კვლევის დასაშვები ცდომილება 2.5%-ს წარმოადგენს.
ლუსი ფლინი, გორბის კვლევის დიზაინისა და ანალიზის დირექტორი ამბობს, რომ საქართველოს მონაცემი ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ სხვა ქვეყანას უტოლდება, სადაც მოსახლეობის 94% კმაყოფილია იმით, თუ როგორ უმკლავდება მთავრობა კორონავირუსს. სხვადასხვა ქვეყანაში შედეგების საკმაოდ ფართო სპექტრია - მაგალითად, საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსთან გამკლავების მოწონების მაჩვენებელი ორჯერ მეტია რუსეთის იმავე მაჩვენებელზე.
გამოკითხვის მიხედვით, მოქალაქეების 95% ასევე ფიქრობს, რომ ამჟამად კორონავირუსის პანდემია კონტროლს ექვემდებარება.
Gallup International- ის შედარებითი კვლევის თანახმად, ეს ის სფეროა, რომელშიც საქართველო ნამდვილად გამოირჩევა. ამ ქვეყანაში გაცილებით მეტი გამოკითხული ფიქრობს, რომ პანდემია კონტროლს ექვემდებარება, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, რომელშიც ეს კვლევა ჩატარდა. საქართველოს მოსახლეობის 95% ფიქრობს ასე, მაშინ, როცა დანარჩენ ქვეყნებს შორის მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 72%-ია.“ - აცხადებს ლუსი ფლინი, რომელმაც კვლევის შედეგები „ღია ეთერში“ წარადგინა.
გამოკითხვა, რომელიც Gallup International-ისთვის „გორბიმ“ ჩაატარა, ასევე შეიცავდა შეიცავდა კითხვებს კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კომპონენტზე. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ვირუსის ზეგავლენა საკმაოდ მასიურია როგორც საქართველოში, ისევე სხვა ქვეყნებშიც.
გორბის კვლევისა და ანალიზის დირექტორის შეფასებით, მოსახლეობის 75% ამბობს, რომ პანდემიის დაწყების დღიდან შემცირდა მათი შინამეურნეობების შემოსავლები.